პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა, ბავშვთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს საქმეზე დანაშაული აღიარა
ინგლისის პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა, ბავშვთან დაკავშირებული უხამსი ვიდეოს საქმეზე დანაშაული აღიარა. ამის შესახებ BBC Sport-ი იუწყება.
დევიდ კუტს ბრალი ედებოდა იმაში, რომ 2020 წლის 2 იანვარს შექმნა ბავშვის მონაწილეობით ერთი უხამსი ვიდეო. საუბარია კატეგორია A-ზე - ეს არის ყველაზე სერიოზული კატეგორია, რომელიც, როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების გაუპატიურებას ან უფროსების მხრიდან სექსუალურ ძალადობას აჩვენებს.
როგორც პოლიციამ განაცხადა, ეს ვიდეო მიმდინარე წლის თებერვალში აღმოაჩინეს.
დღეს კუტმა დანაშაული ნოტინჰემის სამეფო სასამართლოს სხდომაზე აღიარა. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, შემდეგი მოსმენა კი 11 დეკემბერს გაიმართება.
აღინიშნება, რომ მსგავსი ბრალდებები შეიძლება წაუყენონ არა მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა უხამსი მასალების შექმნაში, არამედ მათაც, ვინც ვიდეოს ტვირთავდა, ავრცელებდა ან ინახავდა.
შეგახსენებთ, რომ დევიდ კუტს მსაჯობა გასული წლის ბოლოს აეკრძალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ის მეგობრებთან პირად საუბარში, კლოპს ამპარტავანს უწოდებს და ქალის სასქესო ორგანოს ადარებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა კიდევ ერთი ვიდეოს გაჟონვის შესახებ - ჩანაწერში კუტი თეთრ ფხვნილს ისუნთქავს ევრო 2024-ის დროს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცდილობდა ნარკოტიკული წვეულების ორგანიზებას „ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტის“ თამაშის შემდეგ. მან კოკაინზე დამოკიდებულება აღიარა.