„მას შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, მაგრამ...“ - ტუხელმა რაშფორდზე ილაპარაკა
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი შიშობს, რომ მარკუს რეშფორდმა შესაძლოა თავისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინოს.
ამ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი „ბარსელონაში“ იჯარით თამაშობს.
„საქმე ნიჭში არ არის, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ის თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას საკლუბო და საერთაშორისო დონეზე. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 წლის შემდეგ, ის იმედგაცრუებული იქნება იმით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და იმით, თუ რას მიაღწია. ვფიქრობ, მისთვის ზღვარი ძალიან, ძალიან მაღალია. შესაძლოა, უფრო მაღალიც, ვიდრე სხვებისთვის. მას აქვს პოტენციალი, მაგრამ პოტენციალი საშიში სიტყვაა დიდ სპორტში. საჭიროა რეგულარულად აჩვენო შენი საუკეთესო ვერსია - სწორედ ეს მოითხოვება ამ დონეზე და ეს მისთვის გამოწვევაა. მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში იმ ხარისხით, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ – მისი უნარით დაასრულოს შეტევები ორივე ფეხით და თავით. ის ფეთქებადი და სწრაფია, ძლიერია ჰაერში, მაშ სად არის ზღვარი? არანაირი შეზღუდვა არ არის, მაგრამ ციფრები არ ავლენს პოტენციალს. ყველაფერი მარტივია“, – განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ტუხელმა „სამ ლომთან“ 18-თვიანი კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გააფორმა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა.
ინგლისის ნაკრებს ბოლოს გარეთ საუდგეიტი წვრთნიდა, რომელიც გუნდში 2016 წელს დაინიშნა და თანამდებობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.