სიმსივნეს ვერ გაუმკლავდა - ბოკა ხუნიორსის მწვრთნელი გარდაიცვალა
ცნობილი არგენტინელი საფეხბურთო მწვრთნელი მიგელ ანხელ რუსო 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2017 წელს პროსტატის კიბო დაუდგინეს, რაზეც აქტიურად მკურნალობდა, თუმცა საბოლოოდ მასთან გამკლავება ვერ მოახერხა. თავდაპირველად ექიმები აიმედებდნენ, რომ სხივური თერაპიის საშუალებით დაავადებისგან განკურნება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში უკვე ახალი კერები გაჩნდა და მედიკოსები უძლურნი აღმოჩნდნენ.
მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, რუსო „ბოკა ხუნიორსში“ მუშაობდა და ბარაკასულ გუნდში მისი რიგით მესამე მისვლა იყო. მანამდე არგენტინულ გრანდს 2007 და 2020-2021 წლებში ამზადებდა. გარდა ამისა, მიგელ ანხელი სამშობლოში ცხრა სხვადასხვა კლუბს ავარჯიშებდა, 2021-2022 წლებში კი ახალი თავგადასავლების ძებნა გადაწყვიტა და საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ წინადადებას დათანხმდა, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო.
ცნობისათვის, ფეხბურთელობისას მიგელ ანხელ რუსო მთელი კარიერა, 13 წლის განმავლობაში „ესტუდიანტესში“ ასპარეზობდა, ხოლო 1983-1985 წლებში არგენტინის ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა.