„პირველ ბრძოლაში 50 პროცენტით ვიყავი მზად“ | იანს მერაბთან რევანშის აღება უნდა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა, არიელ ჰელვანის ინტერვიუ მისცა. რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილთან გამართული ბრძოლა გაიხსენა და „მანქანასთან“ რევანშის სურვილი გამოთქვა.
„ვფიქრობ, საჩემპიონო შანსის მიღებას ყველაზე მეტად ვიმსახურებ. იმედი მაქვს, მერაბის მომდევნო მეტოქე მე ვიქნები და მასთან ჩხუბისთვის მზად ვარ. დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა ვნახე — კარგი ჩხუბი იყო, მერაბმა კი ზუსტად ის გააკეთა, რასაც ყოველთვის აკეთებს. აშკარაა, რომ მას ყველა მეტოქისთვის კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, მაგრამ მისგან ახალი არაფერი მინახავს.
პირადად მე მის გამარჯვებას ვვარაუდობდი. სენდჰეგენისგან მეტს ველოდი — მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა. გამიკვირდა თუ არა, რომ მერაბმა კორი კინაღამ დაანოკაუტა? ნოკაუტი ზუსტად გამოზომილი და დამიზნებული დარტყმაა. ამ შემთხვევაში დვალიშვილმა უბრალოდ მოარტყა და დამატებებზე წავიდა. სენდჰეგენს 300-ჯერ დაარტყა და მაინც ვერ დაანოკაუტა, ასე რომ, ნოკაუტამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
მერაბს შეუძლია დეკემბერში კიდევ ერთი ორთაბრძოლა გამართოს. თუ ტრავმა არ აქვს და თავადაც უნდა, ეს UFC-ის გეგმებშიც ჯდება — რატომაც არა?! ორგანიზაციისგან დასტურს ველოდები და ჩვენი ჩხუბი ძალიან მაგარი ორთაბრძოლა იქნება.
მერაბთან პირველი ბრძოლისას 50 პროცენტით ვიყავი მზად. თუ იმ ჩხუბის სტატისტიკას გადახედავთ, ნახავთ, რომ მარჯვენათი — რომელიც ჩემი ძლიერი ხელია — მხოლოდ სამჯერ ან ოთხჯერ დავარტყი. მარჯვენა ხელს ვერ ვიყენებდი: ვერ ვურტყამდი და ვერ ვჭიდაობდი.
ორთაბრძოლებზე უარს არასდროს ვამბობ. ბევრი ჩხუბი მქონდა, რომლებშიც ტრავმების მიუხედავად ოქტაგონში მაინც შევედი. მერაბთან დაპირისპირებას არ ვნანობ — ახლა უბრალოდ მინდა, რევანში ავიღო", - აღნიშნა იანმა.
ცნობისთვის, დვალიშვილთან წაგების შემდეგ იანმა განაცხადა, რომ მას ცალი ხელით ეჩხუბა. პიოტრის თქმით, ორთაბრძოლამდე მხრის კუნთი გაიწყვიტა და მარჯვენა ხელს ვერ იყენებდა. „მანქანამ“ რუს მებრძოლს დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. აღსანიშნავია, რომ მერაბსაც სერიოზული ტრავმა ჰქონდა — ხელი დაიზიანა, თუმცა მაინც შევიდა ოქტაგონში და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.