UFC-ის საუკეთესო მოქმედი ჩემპიონები | რომელ ადგილებზე არიან მერაბი და ილია?
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ Givemesport-მა UFC-ის მოქმედ ჩემპიონებში საუკეთესოები დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილი მერაბ დვალიშვილს მიაკუთვნა, მეორე პოზიციაზე კი მისი თანამემამულე, ილია თოფურია აღმოჩნდა.
ილია თოფურია
„ილია თოფურია ჩვენს რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აქტიური ჩემპიონია, მაგრამ როდესაც ელ მატადორი ოქტაგონში შედის, ყოველთვის ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტებით დაისაკუთრა, ხოლო ტიტული მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, რომელსაც ასევე ნოკაუტით სძლია.
ამის შემდეგ თოფურიამ მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლა გადაწყვიტა და დაამტკიცა, რომ იქაც გამანადგურებელია — ელ მატადორმა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაამარცხა და ვაკანტური ქამარი მოიპოვა. ილიას მსუბუქ წონაში ჩემპიონობა ჯერ არ დაუცვია, მაგრამ ტიტულები ისეთ სტილში დაისაკუთრა, რომ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ სპორტსმენად ითვლება.“
მერაბ დვალიშვილი
„UFC-ის ისტორიაში ბევრ მებრძოლს ვერ იპოვით, რომელსაც მეტსახელი ასე იდეალურად შეესაბამება. მერაბ „მანქანა“ დვალიშვილმა ბოლო 12 თვის განმავლობაში UFC-ის ყველა დროის საუკეთესო სუპერ მსუბუქწონოსანი მებრძოლის რეპუტაცია მოიპოვა. მისმა მიღწევებმა ლეგენდარული სპორტსმენები გადაფარა. დვალიშვილის გრეპლინგს ვერავინ უძლებს. UFC 316-ზე მან შონ ომალის აჯობა, შემდეგ კი ქამარი უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა და ომალი მეორედაც დაამარცხა.
UFC 320-ზე დვალიშვილმა ტიტული მესამედ დაიცვა და კორი სენდჰეგენს დამაჯერებლად მოუგო, რის შემდეგაც წლის ბოლომდე კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა მოითხოვა. თუ სურვილს შეუსრულებენ, მერაბი UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდება, რომელიც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ტიტულს 4-ჯერ დაიცავს.“
Givemesport-ის რეიტინგში ქართველების შემდეგ მესამე ადგილზეა ალეშანდრე პანტოჟა, მეოთხე პოზიციაზე — ალექს პერეირა, მეხუთეზე — ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მეექვსეზე — ხამზატ ჩიმაევი, მეშვიდეზე — ტომ ასპინალი, მერვეზე კი ჯეკ დელა მადალენა.