“საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ“ - მამარდაშვილის და ბუდუს კომენტარები
საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მეორე ვარჯიში ჩაატარა. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ესპანეთში მიმდინარე შეკრება და მოახლოებული მატჩები ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეაფასეს.
გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი):
ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდებით. გვაქვს ესპანეთთან თამაშის გამოცდილება და ვიცით, რომ იოლი არ იქნება. ბევრი შრომა მოუწევს თითოეულ ფეხბურთელს. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ რთული თამაშები ჩავატარე. პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. მნიშვნელოვანი თვე იყო ჩემთვის, თუმცა წინ კიდევ უფრო რთული მატჩები მელის როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და ამისთვის მზად ვარ".
ბუდუ ზივზივაძე (ეროვნული ნაკრების წევრი):
"ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშებს, განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.
დიდი ხანია ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ".
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)