ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

ლევან კობიაშვილი ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლევან კობიაშვილი ფიფა-ს ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს. კომიტეტის მიზანია ფიფა-ს წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფა-ს წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული. აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.

სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება. კომიტეტი პასუხისმგებელია მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე, აგრეთვე ფორმატისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაზე. აღნიშნულ კომიტეტებში საქმიანობა ოთხი წლის ვადით, 2025-2029 წლით განისაზღვრა. კომიტეტი ამ ეტაპზე ფიფა-ს წევრი ქვეყნების 19 წარმომადგენელს აერთიანებს.

ფიფა-ს პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქმიანობას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოშიც (უეფა) განაგრძობენ.

2023 წლიდან ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს, რომლის წევრები ასევე არიან ვეტერანი ფეხბურთელები. მათ შორის, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, დეიან სავიჩევიჩი, ვლადიმირ შმიცერი და თეოდოროს ზაგორაკისი.

დავით მუჯირი ფეხბურთის განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა. ლევან კობიაშვილთან და დავით მუჯირთან ერთად, უეფა-ს კომიტეტებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ოთხი წარმომადგენელია – სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრია, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი იურიდიულ კომიტეტში საქმიანობს, ხოლო ოთარ გიორგაძე – მედიის კომიტეტის წევრია“, – წერია სფფ-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები