“მინდა ეს საქმე 50-წლამდე ვაკეთო“ - დვალიშვილის პრესკონფერენცია
UFC 320-ზე სუპერ მსუბუქ კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველი მებრძოლი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
დვალიშვილი:
„ფიზიკურად თავს დიდებულად ვგრძნობ. ემოციურად კი კარგად. ეს ყველაფერი ჩემთვის ნორმალურია. ამას კვირაში სამჯერ ვაკეთებ, ვგულისხმობ სპარინგს. კორი ჩემს „თეიქდაუნებს“ ბრწყინვალედ იცავდა. ის კარგად მომზადებული და ნავარჯიშები იყო. ვფიქრობ, მასთან სტრაიკინგი უფრო ადვილია, ვიდრე ჭიდაობა. მისი დანოკატუება თითქმის გამომივიდა. სასაცილო ის არის, რომ მსაჯს ვუთხარი მაქსიმალურად მოეცა ჩემთვის ჩხუბის საშუალება. ბრძოლის შემდეგ, კორის შევხვდი და ჩემს მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა. ძალიან ბედნიერი ვარ.
რა თქმა უნდა, კარგია, რომ 20 „თეიქდაუნი“ შევასრულე. ბრძოლის დროს ამაზე გავიფიქრე. მადლიერი ვარ იმ ყველაფრის, რაც მაქვს და სადამდეც მივედი. როგორც ვთქვი, თითქოს მე ახლა ვიწყებ. ბევრს ვვარჯიშობ და გაუმჯობესებას ვცდილობ. ვისურვებდი, რომ დეკემბერში ვიჩხუბო. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩემი ჩხუბი მანიჭებს. მოუთმენლად ველოდები ახალ კონტენდერს.
დენასგან ასეთი სიტყვების მოსმენა ჩემზე ძალიან სასიამოვნოა. ამას ვაფასებ. როცა ის ასეთ რაღაცას შენზე ამბობს, ნამდვილად დასაფასებელია. ის დიდებულ სამუშაოს ასრულებს. თუ კი რამე შესაძლებლობა მომცა UFC-იმ, დენას დამსახურებაა. ვიმეორებ, ჩემთვის დეკემბერში ჩხუბი პრობლემა არ არის. მზად ვარ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე. აარჩიონ ვინც უნდათ. იანვარშიც ვიჩხუბებდი, მაგრამ ეს გარკვეული გამოწვევაა. იანვარში საქართველოში 2 ახალი წელი გვაქვს, რომლებსაც აღვნიშნავთ. ასევე არის ჩემი დაბადების დღე. იანვარში ასევე დაკეტილია სავარჯიშო დარბაზები და იანვარში ჩხუბი შედარებით რთული იქნება.
ალჯოს ხვალ ქორწილი აქვს. ვულოცავ, მისთვის ეს დიდი მომენტია. ღმერთმა დაგლოცოს ძმაო! მე, როგორც მებრძოლი, აქტიური ვარ. მე მყავს ძმა, რომელიც ქართულ არმიაში მსახურობდა. არ თქვათ, რომ მე პილოტი ვარ. მე მოჩხუბარი ვარ და სულ გაუმჯობესებაზე ვფიქრობ. როცა დადგება დრო და მე შვილიშვილები მეყოლება, მათ სიამოვნებით მოვუყვები ჩემი კარიერის შესახებ, მაგრამ ახლა მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ.
ჩემი კარგი მეგობარი დავით ნატროშვილი ცდილობს, რომ UFC საქართველოში ჩაიყვანოს. იმედი მაქვს, ერთ დღეს მოხდება. ჩვენ მებრძოლები ვართ და ვფიქრობ, საქართველოში ბევრი კარგი მებრძოლის აღმოჩენაა შესაძლებელი. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში იყოს UFC. როდესაც პირველად გავედი ოქტაგონზე, ვიგრძენი, რომ ეს ჩემი სპორტი იყო. ჩემი მიზანი, ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა იყო და ეს გამომივიდა.
ფიქრი იმაზე, რომ მე წლის საუკეთესო მებრძოლი გავხდები, ძალიან დიდ ემოციას იწვევს. ჩემი ისტორია ყველამ იცის და მინდა ეს ბევრისთვის ინსპირაცია იყოს. გააგრძელეთ მუშაობა, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. მიხარია, რომ ჩემი ქართველი ხალხის გახარება კიდევ ერთხელ შევძელი. ვაგრძელებ იმას, რაც ყველაზე კარგად გამომდის. შევეცდები, რაც შეიძლება დიდხანს გავაკეთო ეს. მინდა ეს საქმე 50-წლამდე ვაკეთო და საქართველოს წინსვლაში ან პოპულარობაში ჩემი წვლილი შევიტანო. მინდა ქართველმა ახალგაზრდებმა ჯანსაღად იცხოვრონ. არა ალკოჰოლი და არა ზედმეტი ნივთიერებები."
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ტიტული ზედიზედ მესამედ დაიცვა, თანაც ეს ყველაფერი ერთ კალენდარულ წელიწადში. ასევე, მერაბმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა და ერთ კონკრეტულ ბრძოლაში 13 „თეიქდაუნზე“ მეტი შეასრულა.