„გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ ყოფილა“ - ინგლისური პრესა მამარდაზე
პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის სადებიუტო მატჩს, რომელშიც „ლივერპული“ სტუმრად „ჩელსისთან“ დამარცხდა, ინგლისური პრესა ეხმიანება.
Goal.com: კაისედოსგან გაშვებულ გოლში, ისევე როგორც ესტევაოს გოლში, ვერ დავადანაშაულებთ. მამარდაშვილს მეორე ტაიმში რამდენიმე ჭკვიანური მოგერიება ჰქონდა.
LiverpoolWorld: დაკარგა ბურთი ეპიზოდში, რომელსაც ჩელსის გოლი მოჰყვა, მაგრამ არც ვან დაიკისგან მიიღო სათანადო დახმარება. პირველ ტაიმში რამდენჯერმე კარგად გამოვიდა კარიდან, მეორე ტაიმში კი ჯეიმი გიტენსს და ესტევაოს დარტყმები მოიგერია. კუთხურზე გადაიყვანა ბურთი კაისედოს დარტყმის შემდეგ, მაგრამ ვერაფერს გახდა ეპიზოდში, როდესაც ესტევაომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
The Express: ვერც პირველი და ვერც მეორე გოლის შემთხვევაში მეტს ვერაფერს იზამდა, განსაკუთრებით ეს კაისედოს გოლზე შეიძლება ითქვას.
Liverpool.com: ქართველმა მეკარემ პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ჩაწოდებებზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ფეხით თამაშზე. ჰქონდა რამდენიმე კარგი მოგერიება.
This is Anfield: ქართველი, რომელსაც პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა, კარგად იგერიებს დარტყმებს, რაც გიტენსისა და ესტევაოს ეპიზოდებში დაადასტურა, მაგრამ ალისონივით კარგად ფეხით ვერ თამაშობს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას ლივერპულის დაცვის ხაზი თითქმის მთლიანად შეიცვალა, მამარდაშვილმა სადებიუტო მატჩი კარგად ჩაატარა.
One Football: ქართველმა მეკარემ ვერ გააჩერა კაისედოს ყუმბარისებური დარტყმა, რომელმაც ჩელსი პირველ ტაიმში დააწინაურა. მეორე ტაიმში ლივერპულის მეკარე კონცენტრირებული იყო და გუნდი გოლისგან რამდენჯერმე იხსნა, თუმცა ბოლო წუთებზე მეორე გოლი მაინც გაუშვა.
ცნობისთვის, მერსისაიდელები „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდნენ და ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს. მოიზეს ტკაისედოს გოლს წითლებმა კოდი გაკპოს ზუსტი დარტყმით უპასუხეს, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკ კუკურელიას პასის შემდეგ გამარჯვების გოლი ესტევაო ვილიანმა გაიტანა.