“მათი მესმის, მეც ვიყავი ნაკრების მწვრთნელი“ - ენრიკე კვარას ტრავმაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ლილს უპირისპირდება. მატჩის წინ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კითხვა ხვიჩა კვარაცხელიას და ნევეშის ჯანმრთელობას ეხებოდა.
ენრიკე:
„არ ვიცი, უნდა ვისაუბრო თუ არა ამაზე, რადგან ფრანგულად თქმა რთულია, თუმცა მე ყოველთვის ვფიქრობ ჩემი მოთამაშეების ჯანმრთელობაზე და არცერთი ფეხბურთელის რისკის ქვეშ დაყენება არ მინდა.
ოთხშაბათს ნევეში გუნდთან ერთად ხურდებოდა, მაგრამ საბოლოოდ დაშავდა. რისკზე არასდროს მივდივარ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. კარგად მესმის ნაკრების მწვრთნელების, რადგან მეც ვიყავი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ყველას ერთი და იგივე რამ გვსურს. სხვა სათქმელი არაფერია.“
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ ტურში „ოსერთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩი გამოტოვა.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში მოხვდა და ხვალინდელი მატჩის შემდეგ იმ ფეხბურთელებს უნდა შეუერთდეს, რომლებიც ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ესპანეთისა და თურქეთის წინააღდეგ მატჩებისთვის მოემზადებიან.