ანჩელოტიმ დაადასტურა - ტიაგო სილვა შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდეს
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ არ უარყო, რომ ტიაგო სილვა შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდეს.
რა თქვა ანჩელოტიმ:
„ტიაგო სილვას კარგად ვიცნობ. მასთან ერთად „მილანშიც“ მიმუშავია და „პარი სენ-ჟერმენშიც“, ცოტა ხნის წინ ვესაუბრე.
როდესაც ვიღებ გადაწყვეტილებას ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახების თაობაზე, მის ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. თუ ტიაგო სილვა სხვა ფეხბურთელზე უკეთესი იქნება, მისი ასაკი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
გასულ სეზონში „რეალის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 40 წლის ლუკა მოდრიჩი იყო, ხოლო როცა 2007 წელს „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, კაპიტანი პაოლო მალდინი ასევე 40 წლის იყო“.
ცნობისთვის, ტიაგო სილვა ამჟამად „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავს და მას რამდენიმე დღეში 41 წელი შეუსრულდება. ცენტრალურ მცველს „პენტაკამპეონების“ მაისურით 2022 წლის შემდეგ არ უთამაშია.