„ფლანგზე ვეღარ ითამაშებს, შემტევ ნახევარმცველად ან ფორვარდად ვხედავ“ - ანჩელოტი ნეიმარზე
„პენტაკამპეონების“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახებს, თუ „სანტოსის“ შემტევი ჯანმრთელი იქნება.
„არ გვჭირდება მისი მატჩების ყურება - ყველამ იცის, როგორი ნიჭიერია ნეიმარი. თანამედროვე ფეხბურთში ნიჭის გამოსავლენად კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა საჭირო. თუ ნეიმარი საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იქნება, ის აუცილებლად მოხვდება ნაკრებში.
ყველას სურს, რომ ის ნაკრებში კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიხილოთ. მე ვესაუბრე მას და ვუთხარი - „ჯერ კიდევ საკმარისი დროა იმისთვის, რომ საუკეთესოდ მოემზადო და ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარო“. ეს პარაგვაის წინააღმდეგ მატჩის წინ მოხდა - მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ნეიმარს შემტევი ნახევარმცველის ან ფორვარდის პოზიციაზე ვათამაშებდი, მას ფლანგზე თამაში აღარ შეუძლია, იმიტომ რომ თანამედროვე ფეხბურთში ამისთვის გარკვეული ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი“.
ცნობისთვის, ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები მიმდინარე წლის მაისში ჩაიბარა და „პენტაკამპეონებს“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უთავკაცებს. მისი ხელმძღვანელობით „სელესაომ“ 4 მატჩი ჩაატარა - 2 მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.
რაც შეეხება ნეიმარს, ბოლოს ბრაზილიის ნაკრებში მან 2023 წლის ნოემბერში ითამაშა.