„შესანიშნავი მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია შეაქო და მასთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა ინტერვიუ Full Send MMA-ს მისცა და განაცხადა, რომ ხამზატ ჩიმაევთან ჩანიშნული ჩხუბის შემდეგ „ელ მატადორთან“ ვარჯიშს აპირებს.
„ილიასთან დროს სიამოვნებით გავატარებდი. ორივე ძალიან დაკავებული ვართ, თუმცა, როდესაც შანს გვეძლევა, ყოველთვის ვსაუბრობთ. სოციალურ ქსელებშიც გვაქვს მიმოწერა და ერთმანეთს წარმატებას ვულოცავთ ხოლმე.
თოფურია ბრწყინვალე მებრძოლი და შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს იყო არა მხოლოდ მებრძოლი, არამედ კარგი მამა და ჩინებული მეუღლე. ილიამ საოცრებები გააკეთა და აბსოლუტურად ყველაფერს იმსახურებს, რაც აქვს.
თოფურიასთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ მასთან ერთად სიამოვნებით ვივარჯიშებდი. მან მიპასუხა, რომ მისი კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა და შანსს აუცილებლად გამოვიყენებ. ამ ჩხუბის შემდეგ მცირე პაუზა მექნება და ილიასთან ჩავალ.“
შეგახსენებთ, რომ დუ პლესისა და ჩიმაევის ჩხუბი UFC 319-ის მთავარი მოვლენაა. ბუკმეკერები ფავორიტად „ბორზს“ ასახელებენ და მათი ორთაბრძოლა თბილისის დროით, დაახლოებით 08:00-დან დაიწყება.