„ლოს ანჯელესში ვარ და მნახე“ - ჩიმაევის პასუხი სტრიკლენდს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბამდე ზუსტად ათი დღეა დარჩენილი და ბუნებრივია, რაც უფრო ახლოვდება ქამრის მოქმედ მფლობელ დრიკუს დუ პლესისა და აქამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე ხამზატ ჩიმაევის ორთაბრძოლა, დაძაბულობა სულ უფრო მეტად იზრდება. ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკელი ოპონენტზე ცუდს არაფერს ამბობს. თუმცა, სამაგიეროდ, ჩიმაევს ამავე დივიზიონის სხვა წარმომადგენლები არ ინდობენ და ბოლო, ვინც ის გააკრიტიკა, შონ სტრიკლენდი გახლდათ, რაზეც ხამზატისგან პასუხი მალევე მიიღო.
შონ სტრიკლენდი
UFC-ის ხელმძღვანელებმა ბოლო პერიოდში ასეთი ტენდენცია დაამკვიდრეს - ყველა, ვინც ჩიმაევთან იბრძოლებს, სოლიდურ თანხას მიიღებს. მისი ბოლო მეტოქე კი იყო რობერტ უიტეკერი, რომელსაც ამ ბრძოლის გასამართად არც ნერვები აღმოაჩნდა და არც ძალა. ის იცით როგორი ტიპის მებრძოლია - ოქტაგონში ან სუპერვარსკვლავად გამოჩნდება, ან ტომარად, ჩიმაევთან კი ნამდვილი ტომარა იყო. კარგი მებრძოლია თუ არა ხამზატი? რა თქმა უნდა არის, მაგრამ კაცი არ არის, რაც როგორც მე, ასევე მთელმა მსოფლიომ იცის.
ხამზატ ჩიმაევი
ბევრი ლაპარაკის ხმა მომესმა და სტრიკლენდს ვეტყოდი - თუ რამე პირადული აქვს ჩემთან გასარკვევი, მე აქ ვარ, ლოს-ანჯელესში და შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს. თუ არ მოვა, მისთვისვე იქნება უმჯობესი, სოციალურ ქსელში საჯაროდ სისულელეებზე საუბარს თუ შეეშვება.
ცნობისათვის, დაახლოებით თვენახევრის წინ, Tuff-N-Uff 145-ის ღონისძიებისას მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც შონ სტრიკლენდმა ლუის ერნანდესს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, UFC-ის ხელმძღვანელებმა ის საკუთარი რიგებიდან დროებით გარიცხეს და დააბრუნებენ თუ არა, ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება.