„შემდეგი მეტოქე ტოპ 5-დან უნდა იყოს“ - დოლიძის პრესკონფერენცია
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომან დოლიძემ ენტონი ერნანდესთან ჩხუბის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა კავკასიელმა:
„რამდენიმე თვის განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ რობერტ უიტეკერთან ვიჩხუბებდი, თუმცა შემდეგ გამოაცხადეს, რომ ის დე რიდერს დაუპირისპირდებოდა, მე კი ენტონი ერნანდესთან ჩამინიშნეს ჩხუბი. ვფიქრობ, მეც და ერნანდესიც უფრო რეიტინგულ მეტოქეებს ვიმსახურებთ, მაგრამ რას ვიზამთ - ვერაფერს შევცვლით. ვთანხმდები იმას, რასაც UFC მთავაზობს.
გამარჯვების შემთხვევაში უიტეკერთან ჩხუბი? მართალი გითხრათ, ახლა ეს ჩხუბი ჩემი მომავალი კარიერისთვის არც ისე საინტერესოა. თუ ერნანდესს მოვუგებ, ტოპ 5-დან ვინმე უნდა შემახვედრონ. ერნანდესს ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, ის კარგი მებრძოლი და კარგი ადამიანია, მაგრამ მას ჯერ არ უჩხუბია ისეთ მეტოქესთან, რომელსაც ჩემნაირი გრეპლინგი ექნებოდა. ვიცი, რომ თუ მოგებების სერიას გავაგრძელებ, სატიტულო ჩხუბს აუცილებლად მომცემენ - ეს ბიზნესია და მე მათ უბრალოდ სხვა გამოსავალს არ დავუტოვებ.
შერეულ ორთაბრძოლებში ძალიან დიდი, ლამაზი და ძლიერი ქართული ეპოქის მომსწრენი ვართ. ჩვენ ვქმნით ისტორიას მომავალი თაობებისთვის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მაღლა ვწევთ სტანდარტებს. თუ UFC-ის მებრძოლი ხარ, საქართველოში ეს არაფერს ნიშნავს - ტოპმებრძოლი უნდა იყო, იმიტომ რომ ახლა არაერთი ტოპმებრძოლი გვყავს. ორი ჩემპიონი გვყავს, გიგა ჭიკაძე ძალიან დიდ ხანს იყო უმაღლეს დონეზე, გვყავს სხვა ბიჭებიც, რომლებიც იმსახურებენ UFC-ში ყოფნას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს წინ დიდი წარმატებები ელოდება.
საქართველოში ხალხი ძალიან დიდ ინტერესს იჩენს MMA-ის მიმართ. ისინი ყველაფერს უყურებენ, ხანდახან ხალხმა ჩემს მეტოქეებზე უფრო მეტი იცის, ვიდრე მე ვიცი. ჩვენ ვაძლევთ ახალგაზრდებს მაგალითს, რომ თუ სწორად და დაუღალავად ივარჯიშებ, შეგიძლია გახდე ჩემპიონი. თუნდაც მერაბის მაგალითი რომ ავიღოთ, რა გზა გაიარა მან, რამდენი მოგება დასჭირდა უბრალოდ სატიტულო შანსის მისაღებად - ეს ადასტურებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია, საკუთარი ძალების გჯეროდეს“.
შეგახსენებთ, რომ დოლიძისა და ერნანდესის დაპირისპირება თბილისის დროით, 10 აგვისტოს გაიმართება და დაახლოებით, დილის 6 საათისთვის დაიწყება. ერნანდესს კარიერაში 14 მოგება და 2 წაგება აქვს და საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მეათე პოზიციაზეა.