„ტაქტიკურ დავალებებს მხოლოდ ის ასრულებდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 0:2 იყო. ქართველი შემტევი თამაშში აქტიურად ჩაერთო და მატჩის მიწურულს გოლის გატანაც შეძლო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
Footmercato - „ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა და გრეიფს ბევრი საქმე გაუჩინა. მან „ლიონის“ კიპერს აიძულა ბურთი კუთხურზე მოეგერიებინა (62-ე წუთზე), ასევე თავური დარტყმით კარს ააცილა (64-ე წუთზე). ქართველმა შეტევაში ძალიან ბევრი იაქტიურა, თუმცა ის ერთადერთი იყო, ვინც ტექნიკურ ელემენტებს ასრულებდა. მატჩის მიწურულს მან ძალიან ზუსტი, მოჭრილი დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.“
Le Parisien – „კვარაცხელია მოედანზე შემოსვლიდან მალევე ლიონელთა მეკარის წინააღმდეგობას წააწყდა (63-ე წუთზე), კომპენსირებულ დროში კი თავისი საფირმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა (1:2, 90+4-ე წუთზე).“
Maxifoot – „ხვიჩა კვარაცხელიამ გრეიფთან პირველი დუელი წააგო. თუმცა, მატჩის მიწურულს, ქართველმა საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ლამაზი დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა ორიგინალში პირდაპირი თარგმანით — ღირსება გადაარჩინა.“
30 ტურის შემდეგ პსჟ-ს სატურნირო ცხრილში 63 ქულა აქვს და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. ამასთან, პარიზულ გუნდს ორი გადადებული შეხვედრა აქვს, მათ შორის ერთი მთავარ კონკურენტ, მეორეადგილოსან „ლანსთან“.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთია - 24 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ქართველ შემტევს 13 მატჩში 8 გოლი და 5 ასისტი აქვს. ასევე, კვარამ ერთი გოლი საკონტინენტთაშორისო თასზეც გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 22 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ნანტის“ წინააღმდეგ გამართავს.