„ჩემი სპარინგ-პარტნიორების გამო ძალიან ვწუხვარ“ | ილია გეიჯისთვის ემზადება
ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. „ელ მატადორმა“ YouTube-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და მომდევნო მეტოქეზე კომენტარი გააკეთა.
„ჩემი სპარინგ-პარტნიორების გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან მათ უწევთ, ჯასტინ გეიჯის საბრძოლო სტილს მიბაძონ და მის მსგავსად მეჩხუბონ, რაც ძალიან რთულია. გეიჯი დარტყმებს უცნაური კუთხეებიდან ახორციელებს. როდესაც მისი დარტყმა მეტოქეს ხვდება, ხელებს დაბლა სწევს. ძალიან, ძალიან, ძალიან უცნაური სტილი აქვს.“
ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. მათ დაპირისპირებას თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ და ამავე ღონისძიებაზე ალექს პერეირასა და სირილ განის ორთაბრძოლაც გაიმართება.
იწერებოდა, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე „ელ მატადორს“ ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, თუმცა ამ მხრივ არაფერი გამოვიდა. ბუკმეკერები ფავორიტად თოფურიას მოიაზრებენ და მას გამარჯვების 84-პროცენტიან შანსს აძლევენ.