8-გოლიანი თრილერი სარაევოში - გულიაშვილის საგოლე პასი
ბოსნიის საფეხბურთო ჩემპიონატის II ტურში „სარაევო“ – „რადნიკის“ სახით ისეთი შეხვედრა გაიმართა, ნებისმიერ ტოპ-ლიგას რომ დაამშვენებდა. თავად განსაჯეთ, 56-ე წუთისთვის გიორგი გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ და თითქოს გამარჯვებულის ვინაობაც საბოლოოდ გარკვეული გახლდათ, მაგრამ სტუმრებმა სასწაული მოახდინეს, 67-ედან 85-ე წუთამდე მასპინძლების კარი ოთხჯერ აიღეს და სამი ქულის აღებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა „სარაევოს“ ფეხბურთელები არ დანებდნენ, წონასწორობა აღადგინეს და მატჩი ფრედ, 4:4 დასრულდა.
გიორგი გულიაშვილი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და თანაგუნდელებს კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა. 24 წლის ქართველმა შემტევმა მეორე გოლის დროს ელეზის საგოლე პასი მიაწოდა, ხოლო 76-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი როგორც სჩვევია აქტიურობდა, თუმცა სხვა მატჩებისგან განსხვავებით, მის იერიშებს ისეთივე სიმწვავე არ ჰქონია, როგორც რეალურად შეუძლია. კარგი კი ის გახლავთ, რომ ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში საგოლე მოქმედება ჰქონდა.
მომდევნო ტურში გიორგი გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „სლოგა დობოის“ შეხვდებიან და ეს თამაში 9 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.