„უნდა შევეგუოთ, რომ მსოფლიო გრანდებში აღარ ვართ“ - მიულერი სანაკრებო ამბებზე
გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს რომ არცთუ წარმატებული პერიოდი უდგას, ეს სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროსაც დადასტურდა, როდესაც იულიან ნაგელსმანის მომზადებული ფეხბურთელები სტუმრად სლოვაკეთთან სენსაციურად დამარცხდნენ. ბუნებრივია, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე სუსტი სტარტის გამო, ბუნდესგუნდი ადგილობრივმა მედიამ გააკრიტიკა, ხოლო თუ რაში მდგომარეობს პრობლემისა და კრიზისის მიზეზები, ამის თაობაზე BILD-მა ეროვნული გუნდის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ტომას მიულერს ჰკითხა და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„გერმანიის ნაკრებს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, სლოვაკეთთან განცდილი მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს, რადგან ეს წარუმატებლობა მუნდიალის საგზურის მოპოვებაში ხელს ვერ შეგვიშლის. სჯობს გავაცნობიეროთ, რომ მსოფლიო გრანდებში აღარ ვართ და თანაც ეს უკვე 6-8 წელია ასეა. ამ დროის განმავლობაში საფრანგეთმა რამდენიმე ფინალი ითამაშა, არგენტინა კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა“.
ცნობისათვის, 131 მატჩში გატანილი 45 გოლით ტომას მიულერი გერმანიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეექვსე ადგილზეა და მასზე წინ იურგენ კლინსმანი (108 მატჩი, 47 გოლი), რუდი ფიოლერი (90 მატჩი, 47 გოლი), ლუკას პოდოლსკი (130 მატჩი, 49 გოლი), გერდ მიულერი (62 მატჩი, 68 გოლი) და მიროსლავ კლოზე (137 მატჩი, 71 გოლი) არიან.