ორწელიწადნახევრის შემდეგ - ისევ სუპერგოლი, ისევ ატალანტასთან
ხვიჩა კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში საგოლე აქტივი გუშინ გახსნა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის I ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ სტადიონზე „ატალანტა“ 4:0 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი მასპინძლების 24 წლის ქართველ ლეგიონერს მიუძღვის. კვარა, რომლის თამაშიც რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მატჩის MVP გახდა. კვარამ 29-ე წუთზე ეფექტინი დარტყმით გაიტანა და სათამაშო დღის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა.
„ატალანტასთან“ კვარაცხელიას უმაღლეს დონეზე თამაში პირველად არ გვინახავს - ორწელიწადნახევრის წინ, 2023 წლის 11 მარტს, „ნაპოლიში“ ასპარეზობისას, მან ამ გუნდის კარში გაიტანა ბურთი, რომელიც სერია A-ში სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს. იმ თამაშში 3 ქულის აღება ლუჩიანო სპალეტის მომზადებული პარტენოპეისთვის სკუდეტოსთვის ბრძოლაში ბევრ რამეს წყვეტდა და ზუსტად იმ დროს, როდესაც ნეაპოლელები ბერგამოელთა დაცვითი ზღუდეების გადალახვას ვერაფრით ახერხებდნენ, კვარამ თამაში საკუთარ თავზე აიღო და მატჩის ბედი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადაწყვიტა.
წლევანდელ სეზონში პსჟ-ის მიერ ჩატარებული 6 მატჩიდან ხვიჩა კვარაცხელიამ ხუთში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლით გამოიჩინა თავი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვარამ მინდორზე საერთო ჯამში მხოლოდ 204 წუთი გაატარა, ორ შემთხვევაში შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო, ძირითადში სამჯერ მოხვდა და აქედან ერთხელ, „ლანსთან“ ტრავმის გამო 30-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება.