ასისტი კომპენსირებულ დროში - კაკაბაძემ კრაკოვიას ქულა გადაურჩინა
წინა სეზონების მსგავსად, წელსაც ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიას“ წამყვან ფეხბურთელად რჩება და ხშირ შემთხვევაში, თავისი მთავარი, ანუ დაცვითი მოვალეობების იდეალურად შესრულების გარდა, გულშემატკივრებს შეტევებში აქტიური ჩართვითაც ამახსოვრებს თავს, რაც ძირითადად პროდუქტიულად მთავრდება.
ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც მისი გუნდი საკუთარ სტადიონზე „ლეხიასთან“ 1:2 მარცხდებოდა და მასპინძლებს ქულა თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების 30 წლის მცველმა გადაურჩინა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ პირველივე წუთზე კაკაბაძემ ბურთის მარჯვენა ფლანგზე მიღების შემდეგ, კარგი მანევრით მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და საჯარიმოში იმდენად კარგად ჩააწოდა, რომ ფილიპ სტოიკოვიჩს გატანის გარდა აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი.
ოთარი ძირითად შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და ათბალიანი სისტემით 8.4 მეათედი შეფასება მიიღო, რითაც ორივე გუნდის რიგებში მხოლოდ თანაგუნდელ სტოიკოვიჩს ჩამორჩა, რომელმაც დუბლი შეასრულა. კაკაბაძე ბურთს 35-ჯერ შეეხო, პასები 69-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, ორი საკვანძო გადაცემა შეასრულა და ცხრამეტი ორთაბრძოლიდან თერთმეტი მის სასარგებლოდ დასრულდა.
სამ ტურში დაგროვებული შვიდი ქულით პოლონეთის ექსტრაკლასას სატურნირო ცხრილში „კრაკოვია“ მეორე ადგილზეა და მხოლოდ პლოცკის „ვისლას“ ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 10 აგვისტოს, კაკაბაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „იაგელონიას“ შეხვდებიან.