ილია თოფურია, დავით ქირია
Aa
Aa

„მსუბუქ წონაში მას კონკურენტი დიდი ხანი არ ეყოლება“ - ქირიამ ილიაზე ისაუბრა

ჩარლზ ოლივეირასთან ილია თოფურიას ბრძოლას ცნობილი ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია ადგილზე ესწრებოდა და ბუნებრივია, მისი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მოსმენა ნებისმიერი გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება. ქირიამ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად აღწერა ის სიტუაცია, რაც ჩხუბის დაწყებამდე სუფევდა და ასევე საკუთარი აზრი გამოთქვა იმის თაობაზე, თუ რის ხარჯზე აღწევს ქართველი „ელ მატადორი“ ასეთ მასშტაბურ წარმატებას.

დავით ქირია

ილია ივენთის დაწყებამდე ვნახე და უნდა ვთქვა, რომ ადგილზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა. მწვრთნელები, ფიზიოთერაპევტები, ფსიქოლოგები - თოფურიას უმაღლესი კლასის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს და ალბათ, პირველ რიგში სწორედ ასეთი გამართული მექანიზმის წყალობით აღწევს წარმატებას.

რაც შეეხება მსუბუქ წონით დივიზიონში არსებულ ვითარებას, ჩემი აზრით ძალიან ძლიერი დივიზიონია, შესაძლოა ყველაზე ძლიერიც, მაგრამ ილია თოფურიას აქ სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს და ვფიქრობ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება.

ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით ობიექტური შეფასების გაკეთება გამიჭირდება, რადგან ორივე უძლიერესი მებრძოლია. თუმცა, ვფიქრობ, თოფურია მახაჩევს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში სჯობს, თანაც ნებისმიერი ბრძოლის დროს ადვილად შესამჩნევია, როგორ კომფორტულად გრძნობს ოქტაგონში თავს ილია, რის გამოც ის ყველა მეტოქესთან ფავორიტად უნდა ჩაითვალოს.

გაიქცა თუ არა ისლამი მსუბუქი დივიზიონიდან? არა მგონია, რადგან ამას მხოლოდ ის ვერ გადაწყვეტდა. საერთოდ, ცნობილი ფაქტია, რომ დენა უაითს არ მოსწონს, როდესაც ესა თუ ის მებრძოლი ერთი დივიზიონიდან მეორეში გადადის, განსაკუთრებით თუ საუბარი ჩემპიონზეა. თუმცა, ახლა პირიქით მოხდა - თითქოს UFC-ის ხელმძღვანელებსაც აწყობდათ მახაჩევის ქვესაშუალო წონაში ასვლა, რადგან მათ სურთ რომ ორგანიზაციის ორივე ვარსკვლავი ისლამისა და ილიას სახით ბოლომდე ენთოს.

საუბრის ბოლოს დავით ქირიას მის სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ და გვითხრა, რომ მარჯვენა იდაყვის სერიოზული ტრავმა აქვს და ექიმების საბოლოო პასუხს ელოდება, რის შემდეგაც გადაწყვეტს, ოპერაცია გაიკეთოს, თუ მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე განაგრძოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
500 000-დოლარიანი სანაძლეო | ცარუკიანმა თოფურია გამოიწვია
500 000-დოლარიანი სანაძლეო | ცარუკიანმა თოფურია გამოიწვია