კაპიტნის სამკლავურის გარეშე - ტერ შტეგენს საფრთხე ემუქრება
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შესაძლოა „ბარსელონას“ კაპიტნობა ჩამოართვან. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა კატალონიურმა გამოცემამ Mundo Deportivo-მ გაავრცელა. გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, სპორტულმა დირექტორმა დეკუ სოუზამ და პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სპეციალური თათბირის შემდეგ მიიღეს.
მთავარი პრეტენზიები, რაც გერმანელი მეკარის მიმართ აქვთ, არის მის მიერ სამწვრთნელო შტაბთან და ხელმძღვანელობასთან შეწყვეტილი კომუნიკაცია, რაც პრინციპში გერმანელის ბოლოდროინდელი მდგომარეობით არის განპირობებული. ზურგზე გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდგომ, ტერ შტეგენს ძირითად შემადგენლობაში დაკარგული პოზიციის დაბრუნება უჭირს და წასვლაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს.
ცნობისათვის, თუ აქამდე კლუბის კაპიტნად დანიშვნის მთავარ კანდიდატებად მხოლოდ რონალდ არაუხო, ფრენკი დე იონგი, პედრი და რაფინია განიხილებოდნენ, ჰანსი ფლიკის ინიციატივით მათი სია გაიზარდა და ინიგო მარტინესი, რობერტ ლევანდოვსკი, ფერან ტორესი და 18 წლის ლამინ იამალი დაემატა.