„პრესინგს ნორმალურად ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ თამაშობს“ - ჟორჟიკაშვილი კრიზისის მიზეზებზე
ქართული საკლუბო ფეხბურთი რომ კრიზისშია, ამაზე Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლების მიერ უკანასკნელ წლებში ნაჩვენები შედეგებიც კარგად მეტყველებს. ერთი შეხედვით საკმაოდ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი არ ჩანს და რამდენად გამოსწორდება ოდნავ მაინც წელს ვითარება, ამას მომავალ ხუთშაბათს, უეფას კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩების დასრულების შემდეგ შევიტყობთ. იქამდე კი Crystalsport-თან ინტერვიუში ცნობილმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა საკუთარი მოსაზრება არსებული მდგომარეობის შესახებ ნათლად ჩამოაყალიბა.
კობა ჟორჟიკაშვილი
დინამიკაში რომ შევხედოთ, წინა წლებთან შედარებით ქართულ საკლუბო ფეხბურთში სიახლე არაფერია. სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ „ტორპედომ“ ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშის ხარისხში უნდა აისახოს, რაც ჯერჯერობით არ გამოდის, რადგან ლეგიონერები გვიან დაიმატეს და მათ შეთამაშებისთვის გარკვეული დრო აუცილებლად სჭირდებათ.
თითოეული კლუბის მთავარი პრობლემა ცუდი ფიზიკური მომზადებაა. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მატჩების უმეტესობა დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობს და ამასთან შეჩვეულ გუნდებს მერე უკვე ევროტურნირებზე გადართვა უჭირთ. კარგად თუ დააკვირდებით, პრესინგს ნორმალურად ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ თამაშობს, რაც ისევ და ისევ ცუდი ფიზიკური კონდიციების ბრალია.
კობა ჟორჟიკაშვილი სხვადასხვა პერიოდში ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე კლუბს ხელმძღვანელობდა, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მისი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობა გახლდათ, სადაც უამრავ წარმატებას მიაღწია.