რაშფორდი: ყოველი წამით მინდა ვისიამოვნო - აქ ტიტულების მოსაგებად ვარ
მარკუს რაშფორდმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმებისა და ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა.
ტრანსფერზე ბარსელონაში
„დიახ, ეს გადაწყვეტილება მარტივად მივიღე - აქ მოსვლა დიდი ხანია მინდოდა, ალბათ უკვე იანვრიდან. მაგრამ გავიდა კიდევ ნახევარი წელი და დადგა დრო, როცა საბოლოოდ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი – და ეს მოხდა“.
ჰანსი ფლიკის როლი
„აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი ჰანსი ფლიკთან საუბრები იყო. ყველაფერი, რაც მან გასულ სეზონში გააკეთა და რაც კარიერის მანძილზე დაუმტკიცებია, ცხადყოფს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. გასულ სეზონში მან ძალიან ახალგაზრდა გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწია, შემდეგ დაბრუნდა წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე და მას მეტის სურვილი ჰქონდა - სწორედ ამან დაადასტურა ის, რასაც ბარსელონაზე ყოველთვის ვგრძნობდი.
მხოლოდ ერთი რამ მსურდა - აქ ყოფნა. მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას, რათა სწავლა გავაგრძელო და ბარსელონასთვის ვითამაშო“.
მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებაზე
„მანჩესტერ იუნაიტედი ცვლილებების პროცესშია, მაგრამ იუნაიტედი ჩემი ცხოვრების და კარიერის დიდი ნაწილი იყო. ვერაფერს ვიტყვი ცუდს ამ კლუბზე. მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალში“.
კლუბზე, გარემოზე და საკუთარ სტილზე
„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს კლუბი ოცნებების ასრულების ადგილია, აქ იგებენ დიდ ტიტულებს და იცავენ საკუთარ ფასეულობებს. თავს სახლში ვგრძნობ და ეს გადამწყვეტი იყო ჩემს არჩევანში. ეს კლუბი ჩემთვის ოჯახის მსგავსია. აქ ადამიანები კომფორტულად და ბუნებრივად გრძნობენ თავს.
ყოველთვის ვცდილობ, თამაშში ვიყო გადამწყვეტი, სწრაფი და დინამიური. კარგ ფეხბურთზე ვარ გაზრდილი და, როგორც ბევრ სხვა გულშემატკივარს, ბავშვობიდან ბარსელონას თამაში მიყვარდა. აქ თამაში ჩემთვის უდიდესი სიხარული იქნება და თითოეული წუთით ვისიამოვნებ. მოტივაციითა და ენთუზიაზმით ვარ სავსე, მინდა კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ბარსამ შარშან ბევრი რამ მოიგო და ვხედავ, რომ მათი ამბიცია უფრო შორს მიდის - სწორედ ასეთი ამბიცია გინდა, რომ იგრძნო როგორც ფეხბურთელმა. ეს გაძლევს მოტივაციას განვითარდე და ყოველ დღე უფრო კარგ მოთამაშედ იქცე.
მოუთმენლად ველოდები სტარტს და მომდევნო მატჩებს, თუმცა უკვე ვტკბები აქ ყოფნით. მადლობა გულშემატკივრებს ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩემთვის ეს სრულიად ახალი გარემოა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, თავს სახლში ვგრძნობ. ჩვენ, ფეხბურთელები, ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. პირველი შეხვედრა, როცა სტადიონზე ერთად ვიქნებით, ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იქნება. ვერ ვითმენ, როდის დადგება ის დღე.
ჩემი მიზნები ნათელია - მოვიგო ტიტულები. მსურს ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდე“.
იამალის შესახებ
„ლამინი? ის დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მასთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იქნება“.