კეინის, ლევანდოვსკის და ჰოლანდის დონეზე - გიოკერეშს ამბიციები გაეზარდა
ბოლო პერიოდში ვიქტორ გიოკერეშის შესახებ როგორც პორტუგალიურ, ასევე ევროპულ სპორტულ პრესაში ძალიან ბევრი იწერება. 27 წლის შვედი ფორვარდი „სპორტინგის“ წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდა, რითაც ყველას მიანიშნა, რომ ლისაბონურ კლუბში დარჩენას აღარ აპირებს და კარიერის გაგრძელება უფრო ამბიციურ გუნდში სურს. ამბიციები თავად ფეხბურთელსაც რომ არ აკლია, ამაზე მისი კომენტარიც ნათლად მეტყველებს.
რას ამბობს გიოკერეში
როგორი დონის ფორვარდი ვარ? ჰარი კეინის, რობერტ ლევანდოვსკისა და ერლინგ ჰოლანდის გვერდით ჩემი დაყენება სრულიად შესაძლებელია. ისინი გამორჩეული ფორვარდები არიან, რომლებიც გამორჩეულად წლებია ასპარეზობენ და ერთი შეხედვით ჩემზე წინ დგანან. თუმცა, საკუთარ თავს ვუსახავ მიზანს, რომ სეზონიდან სეზონამდე შედეგიანობა გავზარდო. ის, რაც „სპორტინგში“ კარგად გამომდიოდა, კიდევ უფრო კარგად გამომივა იმ კლუბში, სადაც კარიერას განვაგრძობ. ვიქტორ გიოკერეშის საუკეთესო ვერსია ჯერ არავის უნახავს.
ცნობისათვის, გასულ სეზონში ლისაბონური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 შეხვედრაში ვიქტორ გიოკერეშმა თავი 54 გოლით გამოიჩინა. მისი დამატების ყველაზე რეალურ კანდიდატად კი ამ ეტაპზე ლონდონის „არსენალი“ ითვლება.