„კრიშტიანუ 20 წელია დაკრძალვაზე არ ყოფილა“ - რონალდუ კრიტიკისგან დამ დაიცვა
დიოგო ჟოტასა და მისი ძმის ავტოკატასტროფაში დაღუპვამ არამხოლოდ მისი თანაგუნდელები და თანამემამულეები, არამედ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. გასულ შაბათს, ქალაქ გონდომარში ძმები ჟოტების დაკრძალვის ცერემონიას თითქმის ყველა პორტუგალიელი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი საფეხბურთო ვარსკვლავი ესწრებოდა, თუმცა მათ შორის არ იყო კრიშტიანუ რონალდუ, რის გამოც სამშობლოში პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკეს. ძმის დაცვა საკუთარ თავზე რონალდუს დამ, კატია ავეირუმ აიღო, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩემი ძმა უკვე 20 წელია არავის დაკრძალვაზე არ ყოფილა. 2005 წელს მამის გარდაცვალება იმდენად მძიმედ გადაიტანა, რომ მსგავს ცერემონიებზე გამოჩენას, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ ის ყველა კამერის ობიექტივში ხვდება, მაქსიმალურად ერიდება. კრიშტიანუმ დიოგოს მეუღლესა და მისი ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა ეს უდიდესი ტრაგედია.
რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, მათ მოვუწოდებ, რომ სენსაციური მასალის შესაქმნელად ყველაფერს ნუ იკადრებენ და პატივისცემა მგლოვიარე ოჯახის წარმომადგენლების მიმართ მაინც გამოიჩინონ“.
ცნობისათვის, თითქმის ყველა სტატიაში მედიის წარმომადგენლები აქვეყნებდნენ კრიშტიანუს ფოტოებს, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ისვენებს და კუთვნილი შვებულებით ტკბება, რითაც თითქოს იმის ხაზგასმა სურდათ, რომ მეგობრის გარდაცვალებას რონალდუ ოდნავადაც არ განიცდის.