ლუის ენრიკე
Aa
Aa

„თუ მოვიგებთ, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონი იქნება“ - ენრიკე ჩელსისთან მატჩის წინ

ხვალ, „პარი სენ-ჟერმენი“ კლუბის ისტორიაში ყველაზე გრძელი, თუმცა ამავდროულად ყველაზე წარმატებული სეზონის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „სენ-ჟერმენის“ მეტოქე ლონდონის „ჩელსი“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბრაზილიის „ფლუმინენსეს“ აჯობა, ხოლო პარიზელებმა მადრიდის „რეალს“ დიდი ანგარიშით მოუგეს. როგორი განწყობაა გუნდში და როგორ ახასიათებს მომავალ მეტოქეს, ამის თაობაზე პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა „ჩელსისთან“ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა.

ლუის ენრიკე

წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩისთვის ვემზადებით და განწყობა ბუნებრივია იდეალურია. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული სეზონი კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაშით დავასრულოთ და საკლუბო მუზეუმი მორიგი ტიტულით გავამდიდროთ. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებული ერთთვიანი პერიოდი არაჩვეულებრივი იყო და პარიზში სასიამოვნო მოგონებებით ვბრუნდებით.

არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ფაბიან რუისის პროგრესს - დაახლოებით ორი წლის წინ მას მენტალურად სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ახლა კი საუკეთესო ფორმაშია და პსჟ-ის წამყვანი ნახევარმცველია.

ვარ თუ გუნდის მთავარი ვარსკვლავი? არა მგონია - ვარსკვლავი არც ფეხბურთელობის პერიოდში ვიყავი და არც მწვრთნელობის დროს ვიქნები. ბევრი თვლის, რომ მთავარ მწვრთნელად მუშაობად დაწყების შემდეგ ეს სეზონი ჩემ კარიერაში საუკეთესოა? შესაძლოა, თუმცა ამაში უფრო კარგად „ჩელსის“ დამარცხება დამარწმუნებს.

ლონდონელებს მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ - ინგლისის პრემიერლიგა იმდენად ძლიერი ჩემპიონატია, რომ იქ ოთხეულში შემთხვევით ვერ მოხვდები. ენცო მარესკას მომზადებული კლუბი როგორც დაცვასა და შეტევაში თამაშისას არის ძლიერი, ასევე პრესინგზეც არაჩვეულებრივად გადადიან.

ჩემთვის მოტივაციის მთავარი წყარო შექებაზე უფრო მეტად კრიტიკაა, რადგან ამისგან ბევრს ვსწავლობ. საუკეთესო კომპლიმენტი კი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს გახლავთ ის, როდესაც ამბობენ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ თანამედროვე ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებელია.

ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენი“ – „ჩელსის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ წელს პარიზელებმა - ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ლონდონელებმა კონფერენს ლიგა მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფონსეკა შეტევას მის ირგვლივ ააგებს, ჟორჟი ახალი ლიდერი იქნება“
„ფონსეკა შეტევას მის ირგვლივ ააგებს, ჟორჟი ახალი ლიდერი იქნება“