ბილბაოს ფეხბურთელმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო
ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელმა, იერაი ალვარესმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„რამდენიმე კვირის წინ შევიტყვე, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის წინ, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ შევხვდით, ჩემ მიერ ჩაბარებულმა დოპინგ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა - არ მჯეროდა, ვინაიდან ცხოვრებაში აკრძალული ნივთიერება არასოდეს მომიხმარია.
მას შემდეგ, რაც სიმსივნე დავამარცხე, წლების განმავლობაში ვიღებდი თმის ცვენის საწინააღმდეგო წამალს. როგორც საქმის შესწავლის შედეგად გავარკვიეთ, დოპინგ-ტესტის დადებითი შედეგი ამ პროფილაქტიკური პრეპარატის მიღებით არის გამოწვეული.
მიმდინარეობს სადისციპლინო საქმისწარმოება, რომელიც კონფიდენციალურია, ამიტომ დროებით თამაში და ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი აკრძალული მაქვს.
ვწუხვარ შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ კლუბის დახმარებით ვმუშაობ საკუთარი უფლებების დასაცავად, რათა მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მე ყველა კითხვას გავცემ პასუხს“.
ცნობისთვის, ალვარესს სიმსივნის დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს და მას შემდეგ ქიმიოთერაპიის რამდენიმეთვიანი კურსი გაიარა და მოედანს დაუბრუნდა.