84 გოლი მიიღო - რეალმა ანტირეკორდი გაიმეორა
2024-2025 წლების სეზონი „რეალის“ ხელმძღვანელებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს დადებითად ნამდვილად ვერ დაამახსოვრდებათ, რადგან გარდა იმისა, რომ სამეფო კლუბი უტიტულოდ დარჩა, გაშვებული ბურთების (84) რაოდენობით 1998-1999 წლებში ნაჩვენები ანტირეკორდი გაიმეორა. მადრიდელებს სეზონი კარლო ანჩელოტიმ დააწყებინა და ჩაბი ალონსომ დაასრულებინა, რომლის შეგირდებიც გუშინ „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:4 დამარცხდნენ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ბოლო პერიოდში პარიზელები უკეთ გამოიყურებიან, რადგან უკანასკნელი ხუთი თამაშიდან მათ სამში გაიმარჯვეს, აქედან ორ შემთხვევაში დიდი ანგარიშით, 3:0 და 4:0. ხუთიდან ერთხელ ფრე დაფიქსირდა, „ბლანკოსის“ ერთადერთი გამარჯვება კი 2022 წლის 3 მარტით თარიღდება. ცუდია ისიც, რომ მადრიდული გრანდი გასულ სეზონში დიდი სხვაობით რამდენჯერმე დამარცხდა, თუმცა ოთხბურთიანი მარცხი ბოლოს განცდილი 2024 წლის 26 ოქტომბერს ჰქონდა, როდესაც „ბარსელონასთან“ 0-4 წააგეს. რაც შეეხება სამბურთიან მარცხებს, ეს იმავე „ბარსასთან“ (2:5) და „არსენალთან“ (0:3) მოხდა.
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ახლა კუთვნილ შვებულებაში გავლენ, რის შემდეგაც მომავალი სეზონისთვის მზადება შეუდგებიან. ლა ლიგის წლევანდელ გათამაშებას „ბლანკოსი“ 19 აგვისტოს, „ოსასუნასთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.