„MMA-ში ყველაზე მეტად ეს მეზიზღება“ - მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა რუსული გამოცემა Sport24-ის ჟურნალისტ ვლადიმერ კოლოსთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ:
„ვის შეუძლია ჩემი დამარცხება? ეს სპორტი და ბრძოლაა, არასდროს იცი რა მოხდება, MMA-ში ასეა. ბევრი რამ მეტოქეზე არის დამოკიდებული. ზოგჯერ ერთი დარტყმაც ყოფნის. შონ ომალისთან კარგად გამოვედი, მაგრამ ერთ შეცდომას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა. მაგრამ დღითიდღე ნამდვილად უკეთესი ვხდები. დრო ვერ შემაჩერებს, დრო არ ჩერდება და მეც არ ვაპირებ ერთ ადგილზე გაჩერებას. შეიძლება, შეუჩერებლად გამოვიყურები, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ, მინდა დღიდან-დღემდე უკეთესი გავხდე“.
„არის თუ არა ალექსანდრე თოფურია ჩემზე ძლიერი? დიახ, ის ძალიან მაგარია. ყოველ ჯერზე, როდესაც ერთად ვვარჯიშობდით, ის ჩემზე უკეთესი იყო. მას წარმატებებს ვუსურვებ, ის ნამდვილად საუკეთესოა. შევხვდები თუ არა მას საჩემპიონო ბრძოლაში? არა! წონას შევიცვლი“.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა მერაბს სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი მებრძოლის, მალკოლმ უელმეიკერის შესახებ ჰკითხა, რომლის მეტსახელიც ასევე „მანქანაა“. ჟურნალისტის კითხვაზე, ეჩხუბებოდა თუ არა მას უკეთესი „მანქანის“ გასარკვევად, მერაბმა ასეთი პასუხი გასცა:
„კარგი ბიჭია. ის ყველას ანოკაუტებს და ეს შესანიშნავია. ვნახოთ, რა იქნება. მან კიდევ ბევრი რამ უნდა გააკეთოს წინსვლისთვის. მაგრამ თუ ერთმანეთს შევხვდებით, ვანახებ, რისი გაკეთება შემიძლია“.
„პიოტრ იანი უმარ ნურმაგომედოვზე უკეთესი მებრძოლია. რატომ? იმიტომ რომ პიოტრმა ტოპ-მებრძოლებთან უფრო მეტი შეხვედრა ჩაატარა და მეტი გამოცდილება დააგროვა - ის სულ საქმეშია და სულ იბრძვის. უმარი კი... ჩვენ ვნახეთ მისი ბრძოლები მხოლოდ ჩემთან და კორი სენდჰეგენთან. არადა, სწორედ ახლა სჭირდება დივიზიონის წამყვან ფიგურებთან დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ნურმაგომედოვი კარგი მებრძოლია, მაგრამ მეტი აქტიურობა მართებს. სად არის ახლა ის? რატომ არ აქტიურობს და არ ითხოვს ბრძოლების ჩანიშვნას?“
„რა მოხდება, თუ მებრძოლებს 2-3 წლით საქართველოში გაუშვებთ? დაიწყებს ხინკლის, ხაჭაპურის ჭამას და ღვინის დალევას. ნამდვილი ქართველი გახდება“.
„ბოლოს როდის ვიტირე? იცით, ხშირად არ ვტირი. გახსენებაც არ შემიძლია ბოლოს რატომ ვიტირე. ეს დაახლოებით 13 წლის წინ იყო. ოჯახი ძალიან მენატრებოდა - დედა, მამა... ცრემლები წამომივიდა... ბევრი არა, მაგრამ წამომივიდა“.
„ერთადერთი მიზეზი, რატომაც მეზიზღება MMA? წონის კლების გამო, მხოლოდ ამის გამო ვერ ვიტან. რისი მეშინია? წონის კლების (იცინის). ყოველთვის წონის პრობლემა მქონდა და ამის გამო მეზიზღება წონის კლება“.
ჟურნალისტი - „დაასრულეთ ფრაზა: „ყველამ არ იცის, მაგრამ მერაბი ძალიან კარგია...““
მერაბი - „არ ვიცი... მე კარგი მხოლოდ MMA-ში ვარ, დანარჩენი ყველაფერში კი ჩვეულებრივი, ნორმალური. სხვა სფეროში ვერ ვიტყვი, რომ კარგი ვარ, რადგან ყველაფერს MMA-ს ვაძლევ“.
ჟურნალისტი - „ოცნება, რომელიც არასდროს აგისრულდება და ამის შესახებ იცი?“
მერაბი - „არ მგონია, რომ ასეთი ოცნება მქონდეს. რა თქმა უნდა, ოცნებები მაქვს. მინდა MMA-ის შემდეგ კარგი, ლამაზი ოჯახი შევქმნა, ბევრი ბავშვი მყავდეს... ამაზე ვიმუშავებ, მაგრამ პირველ რიგში კარგი ცოლი უნდა მოვძებნო, რომელიც ბევრ კარგ ბავშვს მაჩუქებს. ეს არის ჩემი ოცნება. არ მაქვს გიჟური ოცნებები, ისეთი, რომელიც არასდროს ახდება. თუ მკითხავთ, რას გავაკეთებ ახლა, ერთი რამის გაკეთება რომ შემეძლოს, გიპასუხებთ - მშვიდობას. მსოფლიოში მშვიდობას დავამყარებდი. არავითარი ომები, არც ერთ ქვეყანაში. ყოველთვის ომის წინააღმდეგი ვიყავი და მინდა, რომ ყველამ სიმშვიდეში იცხოვროს“.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი გასული წლის სექტემბერში მოიპოვა, როდესაც შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მიმდინარე წლის დასაწყისში, მერაბმა ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა, მომდევნო დაცვა კი გასული თვის 8 ივნისს, შონ ომალისთან შედგა და ამ შემთხვევაშიც, გამარჯვებული „ქართველი მანქანა“ გამოვიდა.