ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილია ოლივეირაზე მარტივი მეტოქეა“ | არმან ცარუკიანის ინტერვიუ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა დენიელ კორმიეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ცარუკიანმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ელ მატადორისთვის“ ყველაზე რთული მეტოქეა.

ელოდა თუ არა, რომ ოლივეირა ილიას უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა?

„ვვარაუდობდი, რომ თოფურია მესამე რაუნდში დააფინიშებდა. ვფიქრობდი, რომ ილია არ იჩქარებდა და მომენტს დაელოდებოდა, თუმცა ოლივეირა გამძლე ყბით არ გამოირჩევა და ბევრ მეტოქეს დაუნოკდაუნებია. ჩარლზს წონის კლებაც უჭირს და, ჩემი აზრით, მისი დრო წასულია. რაც მთავარია, საბრძოლო სტილის გათვალისწინებით, თოფურია მისთვის რთული მეტოქეა, რადგან ჩარლზს ჭიდაობა არ აქვს, რათა ილია პარტერში გადაიყვანოს, დგომში კი თოფურიას როგორ უნდა აჯობოს? ოლივეირა ფეხით დარტყმებითაც არ გამოირჩევა და მარტო ფრონტ-კიკი აქვს, რაც კარგად გამოიყენა, თუმცა მუშტით ერთი დარტყმა ააცილა და ილიას თამაშში აჰყვა. თოფურიასთან დისტანციაზე უნდა იჩხუბო — ახლოს არ უნდა მიხვიდე და, თუ მიხვალ, ჭიდაობაზე უნდა გააკეთო აქცენტი.“

მოახდინა თუ არა ილიას გამოსვლამ მასზე შთაბეჭდილება?

„ილიამ ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა, რადგან ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა, თუმცა ვიცოდი, რომ ორგანიზაციაში ერთ-ერთი საუკეთესო კრივი აქვს. მიუხედავად ამისა, როდესაც თოფურიამ ასეთი ნოკაუტი გვანახა, გავოცდი, რადგან ოლივეირა მოწყვეტით დაეცა.“

როგორ დაამარცხებს თოფურიას?

„მხოლოდ ჩხუბი მჭირდება და გაჩვენებთ, რომ ყველა დანარჩენისგან განსხვავებული მებრძოლი ვარ. ჩემი ბოლო ბრძოლა წელიწად-ნახევრის წინ იყო და მას შემდეგ დიდ პროგრესს მივაღწიე. ერთი სული მაქვს, როდის გაჩვენებთ, არმან ცარუკიანი ვინ არის და ნომერ პირველი კონტენდერი რატომაა. მხოლოდ ჭიდაობა არა — სრულყოფილი მებრძოლი ვარ. მარტო ჭიდაობის იმედად არ ვიქნები. ყველაფერს გამოვიყენებ, კრივის გარდა. მას MMA-ის ნამდვილ ბრძოლას ვაჩვენებ: ჭიდაობა, დარტყმა მუშტით, დარტყმა ფეხით, ჭიდაობა, ქლინჩი და ა.შ. ვუყურე ილიას პირველ ჩხუბს UFC-ში და ძალიან დაიღალა. მას ჩემნაირი მეტოქე, რომელმაც თავისუფალი ჭიდაობა იცის, არასდროს ჰყოლია. ბრაის მიტჩელს ეჩხუბა — ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველაზე ცუდ მებრძოლს — და პარტერში მიტჩელმაც კი გადაიყვანა. ერთი წუთი ვერ გაექცა მიტჩელს და, შემიძლია გითხრათ, რომ მაღალი დონის მოჭიდავე და გრეპლერი არაა. დიახ, ვიდეოებში თეიქდაუნების წინააღმდეგ თავს კარგად იცავს და ხელთათმანებს მუშტებს კარგად ურტყამს, მაგრამ ეს WWE არაა და ერთი სული მაქვს, როდის გაჩვენებთ, რა შემიძლია.“

ილიას პირველი ადგილი Pound for pound რეიტინგში

„თოფურია პირველ ადგილს იმსახურებს. ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაანოკაუტა და შემდეგ ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში დააფინიშა. თუმცა მე ილიას ტოპ 15-ში დავაბრუნებ. როცა მათი ორთაბრძოლა დაიწყო, იმედი მქონდა, რომ თოფურია მოიგებდა, რადგან ის ჩემთვის ჩარლზზე უფრო მარტივი მეტოქეა. რატომ? იმიტომ, რომ მეტოქეების პარტერში გადაყვანა მომწონს. ოლივეირა პარტერში რომ გადაიყვანო, შეუძლია მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთი გაგიკეთოს, თოფურია კი ეცდება, წამოდგეს და საბმიშენს არ ცდილობს.“

ცარუკიანს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 გამარჯვებაა. ბოლო ჩხუბში, არმანმა „დუ ბრონქსს“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორი ლეგენდაა, ზედმეტად თავმდაბალია“ - მერაბმა ქომაგები გააოცა
„როგორი ლეგენდაა, ზედმეტად თავმდაბალია“ - მერაბმა ქომაგები გააოცა