რვა მედალი კონტინენტის პირველობაზე - მოჭიდავეების წარმატება
იტალიაში გამართული ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შესაბამისი ასაკობრივი ნაკრებებისთვის წარმატებული გამოდგა. ორივე დისციპლინაში ქართველმა სპორტსმენებმა 4-4 მედალი მოიპოვეს, თუმცა განსხვავება ის არის, „კლასიკოსებიდან“ ერთი მათგანი ჩემპიონი გახდა, ხოლო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვერც ერთი ქართველი მოჭიდავე ვერ ავიდა.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შთაბეჭდილება ნიკოლოზ კუტუბიძემ დატოვა, რომელმაც 57 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში უნგრელი მეტოქე 3-2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. გაბრიელ თავბერიძე (52 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო გიორგი ჩხიკვაძემ (41 კგ) და ნიკოლოზ ბელქანიამ (48 კგ) საპრიზო მესამე ადგილები დაიკავეს.
ჩემპიონობასთან ახლოს იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავე მათე ონიანი, თუმცა ის 85 კილოგრამ წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ და ნიკოლოზ გუმბერიძემ გიორგი გოგიბერიძეს 13:2 აჯობა. გუმბერიძის მსგავსად, მესამე საპრიზო ადგილი თავისუფალ ჭიდაობაში კიდევ ორმა ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა დოთიაშვილმა (38 კგ) და დემეტრე მორთულაძემ (48 კგ) დაიკავეს.