ორი ჩემპიონი და საუკეთესო მწვრთნელი - ტრიუმფი ქვიშის ჭიდაობაში
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ქვიშის ჭიდაობაში ჩვენი ქვეყნის დელეგაციისთვის ტრიუმფალური გამოდგა. გარდა იმისა, რომ პლანეტის პირველობის გამარჯვებული ორი ქართველი მოჭიდავე გახდა, საქართველოს ნაკრების დამრიგებელი წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, რაც მიღწეული წარმატების ლამაზი გვირგვინი იყო.
მსოფლიოს ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) გახდნენ და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფინალურ შეხვედრაში ორივე მათგანმა უკრაინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ნაკრების დამრიგებელს, ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ჯემალ კილაძემ ქვიშის ჭიდაობაში წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული ჯილდო სრულიად დამსახურებულად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ქელეხსაშვილისა და კორძაიას გარდა, პლანეტის პირველობაზე კიდევ ექვსი ქართველი მოჭიდავე, დავით ფარტენაძე (70 კგ), დიეგო მახარაძე (80 კგ), რამაზ ზოიძე (80 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (90 კგ), დავით ხუციშვილი (90 კგ) და იუზა ცერცვაძე (+90 კგ) გამოდიოდა, თუმცა სამწუხაროდ, ყველა მათგანი მედლის გარეშე დარჩა.