წლის პირველი ტურნირი - საქართველოს ჩემპიონები ცნობილია
ბათუმის სპორტის სასახლეში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში და გამარჯვებულები როგორც ერთ, ასევე მეორე დისციპლინაში ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, დარბაზში მისულმა გულშემატკივრებმა კი სანახაობრივი და უშეღავათო ბრძოლები იხილეს.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქვეყნის პირველობა აჭარის წარმომადგენლების დომინაციით წარიმართა. ათი წონიდან ხუთში ჩემპიონი სწორედ ამ რეგიონის წარმომადგენელი გახდა. აქედან სამ შემთხვევაში კი ორივე ფინალისტი აჭარელი იყო, როდესაც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძემ რომეო ბერიძეს, 82-ში თორნიკე მიქელაძემ დათა ჩხაიძეს, ხოლო 87-ში ლაშა გობაძემ აჩიკო ბოლქვაძეს აჯობა. გარდა ამისა საქართველოს ჩემპიონები დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ), რამაზ ზოიძე (77 კგ), გიორგი მელია (97 კგ), კობა ქარუმიძე (55 კგ) და რატი ტალიკიშვილი (130 კგ) გახდნენ.
თავისუფალ ჭიდაობაში ბერძნულ-რომაულის მსგავსად დომინანტი რეგიონი არ ყოფილა და ყვარელის (რობერტ დინგაშვილი, გიორგი ღონიაშვილი), საჩხერეს (აკაკი ქემერტელიძე, ნიკა ზაქაშვილი), თბილისის (ტარიელ გაფრინდაშვილი, ალექსანდრე აბრამიშვილი) და ამბროლაურის (ვლადიმერ გამყრელიძე, გიორგი ელბაქიძე) ორ-ორმა წარმომადგენელმა მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. მათ გარდა კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზაური ბერაძე (ხარაგაული) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (გორი) ავიდნენ.