ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | CIES-ის რეიტინგში კვარაც მოხვდა
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
რეიტინგი 100 ფეხბურთელს აერთიანებს, სატრანსფერო ღირებულებების დადგენისას კი CIES-ი ეყრდნობოდა საკუთარ სტატისტიკურ მოდელს, რომელიც ფეხბურთელების პოზიციას, ასაკს, კონტრაქტის ხანგრძლივობას და სხვა კრიტერიუმებს ითვალისწინებს.
ხვიჩა კვარაცხელია 26-ე ადგილზეა. CIES-ი ქართველ ფეხბურთელს 100.9 მილიონ ევროდ აფასებს. პსჟ-ს ფეხბურთელებიდან კვარას ჟოაო ნევეში (117.1 მლნ ევრო, მე-16 ადგილი) და დეზირე დუე (133.2 მლნ ევრო, მე-6 ადგილი) უსწრებენ.
რეიტინგის სათავეში „ბარსელონას“ შემტევი ლამინ იამალია, რომელსაც CIES-ი 358.1 მილიონ ევროდ აფასებს. მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ცენტრფორვარდი ერლინგ ჰოლანდი (227.3 მლნ ევრო), მესამეზე - კილიან მბაპე („რეალი“, 165.7 მლნ ევრო). ხუთეულში ასევე შედიან მაიკლ ოლისე („ბაიერნი“, 140.5 მლნ ევრო) და მორგან როჯერსი („ასტონ ვილა“, 136.8 მლნ ევრო).
ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაა („მანჩესტერ სიტი“, 58-ე ადგილი, 79.5 მლნ ევრო), განაპირა მცველი - ნიკო ორაილი („მანჩესტერ სიტი“, მე-8 ადგილი, 125 მლნ ევრო), ცენტრალური მცველი - პაუ კუბარსი („ბარსელონა“, მე-10 ადგილი, 124.6 მლნ ევრო), ცენტრალური ნახევარმცველი - პედრი („ბარსელონა“, მე-12 ადგილი, 120.6 მლნ ევრო), შემტევი ნახევარმცველი - არდა გიულერი („რეალი“, მე-9 ადგილი, 124.8 მლნ ევრო).
სრულად რეიტინგს ამ ბმულზე გაეცნობით.