„მინდა ჩემი თავი გამოვცადო და ხალხს კარგი შოუ ვაჩვენო“ - მერაბი ედგართან გამარჯვების შემდეგ
მერაბ დვალიშვილმა პრესტიჟულ საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ში პირველი ბრძოლა დღეს გამთენიას, UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ფრენკი ედგარის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი უპირატესობით, 12:1 დაამარცხა.
„მანქანამ“ ღონისძიების დასრულების შემდეგ განვლილი შეხვედრა შეაფასა:
„დიდი პატივისცემა ფრენკი ედგარს. ის მართლაც ლეგენდაა და ყოველთვის პატივს ვცემდი. იცით, მატჩამდე უბრალოდ მეგობრულად ვჭიდაობდი, მაგრამ როცა მასთან დავიწყე ჭიდაობა, ეს უკვე შეჯიბრს ჰგავდა, ჯანსაღ კონკურენციას და ამას სერიოზულად ვუდგებოდი. ფრენკი ედგართან ჭიდაობა და მისი თეიქდაუნზე წაყვანა ძალიან რთული იყო. თუმცა ვფიქრობ, ცოტა დავღალე და დავაბნიე. დრო გადიოდა, შევძელი ფეხებში შესვლა, მისი წაქცევა და გამარჯვება. უბრალოდ მადლიერი ვარ, რომ აქ ვარ. ეს კიდევ ერთი კარგი მოგებაა. მიყვარს, როცა საქმეში ვარ და აქტიური ვარ. როგორც იცით, საბრძოლველად მზად ვარ. უბრალოდ პიოტრს [იანს] ველოდები და იმედია, დაბრუნდება. ახლახან ვნახე მისი ნოტიფიკაცია. ასე რომ, კი, მიყვარს აქტიურობა და მადლობა RAF-ს“.
ვიცი, რომ ყველა სხვადასხვა ბრძოლებზე გეკითხება, მაგრამ ისიც ვიცი, რომელი ბრძოლა მოდის. ეს შენ და პიოტრ იანი ხართ. ტრილოგია უნდა შედგეს. გვაქვს ახლა რაიმე კონკრეტული დროის ჩარჩო? რომ დააზუსტო, შენი ვარაუდით როდის იქნება?
„როგორც ადრე ვთქვი, ახლაც გავიმეორებ. იმავე საღამოს, როცა პიოტრ იანს ვეჩხუბე, ჰანტერ კემპბელი ვნახე და მითხრა, რომ შემდეგი პიოტრ იანი იქნებოდა. მითხრა, რომ არ მეჩქარა. რა თქმა უნდა, მოგვიანებით ბევრჯერ დავურეკე. ის უბრალოდ პიოტრს ელოდებოდა. პიოტრმა კი რაღაც მცირე ოპერაცია გაიკეთა. შემდეგ თქვა, რომ ივნისისთვის მზად იყო. მაგრამ მგონი დროს წელავს. ვნახე, რომ კბილები გაიკეთა, მგონი იმპლანტები ჩაისვა. ახლა ვხედავ მის განცხადებებს. UFC-სგან კი არაფერი მსმენია. ხვალ რომ მასთან ვჩხუბობდე, საიდან მეცოდინება? ეს არ ხდება. სექტემბერშიც კი, არ ვიცი. მაგრამ იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება“.
„UFC-მ მითხრა, რომ ამ წონით კატეგორიაში სხვა არავინაა. სხვა არაფერი. იცით, მნიშვნელობა არ აქვს ჩონგი მოიგებს თუ ბაჰაბი, მე იანს ვეჩხუბები. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა იქნება. ვთვლი, რომ იანი საუკეთესოა. მან მომიგო და მინდა საუკეთესოს ვეჩხუბო. ამიტომ მინდა ყოველთვის დავამტკიცო ჩემი თავი. საუკეთესოები უნდა ავიღოთ. ჩვენ ვიმსახურებთ. მაშინ პიოტრი იმსახურებდა. ორი თვის შემდეგ, როცა გამოვიწვიე... ახლა კი უკვე ბევრი თვე გავიდა და ის დროს წელავს. ვფიქრობ, ყველას უნდა ჩვენი ბრძოლის ნახვა. კარგი სანახაობა იქნება“.
„RAF-ში შემდეგ მეტოქედ ჰენრი სეხუდოს ვისურვებდი. ეს ჰენრის ტერიტორიაა, ჭიდაობაა. ის მთლიანად ჭიდაობაზეა ფოკუსირებული და ჩემპიონი იქნება, ეს მისი სპეციალობაა. თქვენ იცით, რომ მე ძიუდოისტი ვარ, ძიუდოს სპეციალისტი. და მას ბრძოლაში მოვუგე. არ ვიცი, შემიძლია თუ არა ბრძოლაში მისი დამარცხება, მაგრამ ჭიდაობაში მინდა ჩემი თავი გამოვცადო და ხალხს კარგი შოუ ვაჩვენო, როგორც დღეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ახლა ჰენრი დაბრუნდება და ვნახოთ, რისი მიღება მომიწევს. არ შემიძლია ამის კეთება ყოველ ორ კვირაში. მე წონას არ ვიკლებ. ჩემი ბუნებრივი წონით გამოვდივარ... ახლა, განსაკუთრებით, როცა დებიუტი მქონდა, უფრო მარტივი იქნება. კარგია. როგორც ვთქვი, კონკურენცია მჭირდება, რომ ფორმაში დავრჩე. ფოკუსირებული ვიყო. კი, მოგზაურობა მიყვარს, მაგრამ როცა მოგზაურობ, დარბაზს სწყდები. მე კი გამოვდივარ და ვჭიდაობ. ეს ტონუსში მამყოფებს, მოტივაციას მაძლევს. ყოველთვის ვცდილობ მეტი ვისწავლო“.
„დღეს მაგარი ბრძოლა იყო. ვფიქრობ, ყველამ ისიამოვნა. საოცარი ენერგია ტრიალებდა. თუნდაც ის, რომ ლეგენდა ფრენკი ედგარს ვეჭიდავებოდი. გულშემატკივარი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ფრენკის დავუჭერდი მხარს. მადლიერი ვარ ყველა გულშემატკივრის. კარგია, როცა ვიგებ. მაგრამ ლეგენდა ფრენკი ედგართან მოგება რთულია. ეს უბრალოდ ჭიდაობაა. არ ვფიქრობ, რომ ეს რამე განსაკუთრებულია. უბრალოდ ჭიდაობაა. ფრენკი ედგართანაც რომ წავაგო, ეს ცხოვრებაა. ახლა ჰენრის ვეჭიდავები. რომც წავაგო, პრობლემა არ არის. ეს მხოლოდ ჭიდაობაა. მაგრამ MMA — დიახ, ეს პირადულია“.
ფრენკი ედგარის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა მომდევნო მეტოქედ ჰენრი სეხუდო გამოიწვია. „მანქანამ“ ასევე განაცხადა, რომ UFC მისი და პიოტრ იანის ტრილოგიაზეც მუშაობს.