მედალი ათიდან ცხრა წონაში - მოჭიდავეების მეორე ადგილი
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართული ევროპის 15-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მართალია ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ვერ შეძლეს, თუმცა ათი წონითი კატეგორიიდან ცხრაში მედლის მოპოვება და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გასვლა ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ რევაზ იობიძე (38 კგ), გიორგი გრიგალაშვილი (57 კგ), იოანე გავაშელიშვილი (62 კგ) და ედუარდ მანველიშვილი (75 კგ). იობიძე - აზერბაიჯანელ, გრიგალაშვილი - რუს, გავაშელიშვილი - ბერძენ, ხოლო მანველიშვილი თურქ მეტოქესთან დამარცხდა.
ხუთმა ქართველმა მოჭიდავემ საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა - ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლუკა დოთიაშვილმა (44 კგ) - თურქი ბუგრა ელდემირი, ზურაბ დოთიაშვილმა (48 კგ) - თურქი მუჰამედ სარი, გიორგი ლობჟანიძემ (52 კგ) - ლატვიელი ანრის არსენთეიევი, გიორგი სოლომონიძემ (68) - რუსი საიდ აბდულრაშიდოვი, ანდრია დოიჯაშვილმა (85 კგ) კი მოლდოველი იან პელივანი დაამარცხა.