ატალანტა, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

რატომ უნდა იყიდოს ატალანტამ დავითაშვილი - იტალიური სააგენტოს ვრცელი სტატია

ბოლო დღეებში, ფრანგულ და იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ სერია A-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა, „ატალანტან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკებები გააქტიურა და ახალ, გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს.

ბერგამოელების ინტერესის პარალელურად, ქართველი შემტევი ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. „ატალანტასთან“ დაახლოებული სააგენტო Calcio Atalanta ზურიკოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ასახელებს მიზეზებს, თუ რატომ უნდა დაიმატოს მაურისო სარის გუნდმა ქართველი ფეხბურთელი.

რა წერია სტატიაში:

ვინ არის ზურიკო დავითაშვილი: მახასიათებლები, ამპლუა და როგორ შეიძლება მოერგოს ქართველი მაურიციო სარის „ატალანტას“

ბოლო კვირებში „ატალანტასთან“ დაკავშირებულ სახელებს შორის არის ზურიკო დავითაშვილიც, ქართველი შემტევი გარემარბი, რომელმაც ბოლო წლებში არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიქცია თავისი დრიბლინგითა და ერთ-ერთზე თამაშის უნარით. მაგრამ, ვინ არის დავითაშვილი? როგორია მისი ტექნიკური და ტაქტიკური მახასიათებლები? და რაც მთავარია, როგორ მოერგება ის მაურიციო სარის გაწვრთნილ „ატალანტას“? მოდით, მეტი გავიგოთ კვარაცხელიას თანამემამულის შესახებ.

ვინ არის ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო „ზუკა“ დავითაშვილი 2001 წლის 15 თებერვალს თბილისში საქართველო დაიბადა. თბილისის „დინამოს“ აკადემიაში აღზრდილმა ფეხბურთელმა, სანამ „სენტ-ეტიენის“ მაისურით დაიმკვიდრებდა თავს და გუნდის შეტევის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცეოდა, გამოცდილება საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში დააგროვა. ის ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია, რომელთან ერთადაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

ზურიკო დავითაშვილის ტექნიკური მახასიათებლები

დავითაშვილი თანამედროვე შემტევი გარემარბია, რომელსაც შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, თუმცა უპირატესობას მარცხენა ფლანგს ანიჭებს. მას უყვარს ფლანგიდან თამაშის დაწყება და შემდეგ ცენტრისკენ შეწევა, რათა მარჯვენა ფეხით დაარტყას ან ბოლო გადაცემა შეასრულოს. მის საუკეთესო თვისებებს შორის გამოირჩევა დიდი სისწრაფე მცირე სივრცეში, ეფექტური დრიბლინგი ერთ-ერთზე თამაშისას, აჩქარება საწყის მეტრებში, კარგი ინდივიდუალური ტექნიკა, რიცხობრივი უპირატესობის შექმნის უნარი და შეტევის კარგი დაგვირგვინება.

გაუმჯობესების პერსპექტივა

როგორც ბევრ შემტევ მოთამაშეს, დავითაშვილსაც ჯერ კიდევ აქვს დასახვეწი გარკვეული ასპექტები. ტაქტიკური თვალსაზრისით, მას შეუძლია მოუმატოს სტაბილურობას უბურთოდ თამაშისა და დაცვით ფაზაში, ხოლო უშუალოდ კართან მაღალი ეფექტურობის პერიოდებს ნაკლებად გამორჩეული პერიოდებიც ენაცვლება. ბოლო მოქმედების შერჩევა ასევე არის ის კომპონენტი, რომელშიც მას კიდევ უფრო მეტად შეუძლია გაუმჯობესება.

სად შეიძლება მოერგოს სარის „ატალანტას“

თუ „ატალანტა“ მართლაც შეეცდება ქართველის დამატებას, მისი ინტეგრაცია მაურიციო სარის მექანიზმებში შესაძლოა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდეს. ტოსკანელი მწვრთნელის ტრადიციულ 4-3-3 სქემაში, დავითაშვილი, უპირველეს ყოვლისა, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე განიხილება. ამ ამპლუაში მას შეეძლება ფლანგიდან თამაშის დაწყება და შემდეგ ცენტრისკენ შეწევა, რაც სივრცეს გაუთავისუფლებს ფლანგის მცველს წინ ჩასართავად. მეტოქის მოტყუების მისი უნარი არაპროგნოზირებადობას შესძენს გუნდს მჭიდრო დაცვების წინააღმდეგ თამაშისას. ეს მახასიათებელი ძალიან ფასდება სარის გუნდებში, რომლებიც ხშირად ცდილობენ ფლანგებზე ხარისხობრივი უპირატესობის შექმნას.

საჭიროების შემთხვევაში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მარჯვენა გარემარბის პოზიციაზეც, ან თუნდაც შემტევ ნახევარმცველად უფრო შემტევ ტაქტიკურ სქემებში. ტაქტიკური თვალსაზრისით, სარიმ შესაძლოა განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინოს მისი უბურთოდ მოძრაობა და მცირე სივრცეში კომბინაციებისკენ მუდმივი სწრაფვა — ასპექტები, რომლებიც მისი ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

ციფრები და შედეგიანობა: ზურიკო დავითაშვილი „ატალანტასთვის“ დამაინტრიგებელი ფსონია

ბოლო წლებში დავითაშვილმა სტაბილური პროგრესი აჩვენა გოლების გატანისა და შეტევაში პროდუქტიულობის თვალსაზრისით და თავი „სენტ-ეტიენის“ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე მოთამაშედ დაიმკვიდრა გოლების, ასისტებისა და შექმნილი მომენტების მხრივ. ზურიკო დავითაშვილი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა ხვიჩა კვარაცხელიას აღზევების შემდეგ. ტექნიკა, ფანტაზია და რიცხობრივი უპირატესობის შექმნის უნარი მისი მთავარი იარაღია.

თუ „ატალანტა“ ამ ტრანსფერს მართლაც განახორციელებს, სარის განკარგულებაში აღმოჩნდება დინამიკური შემტევი გარემარბი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე აქვს კარგი საერთაშორისო გამოცდილება. მას პოტენციურად შეუძლია, შეტევით როტაციებში მნიშვნელოვან ძალად იქცეს და კიდევ უფრო განვითარდეს ისეთ სათამაშო სისტემაში, რომელიც ბურთის ფლობასა და ინდივიდუალური ტექნიკური მახასიათებლების წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

ზურიკოსთვის ბრძოლაში ორი კლუბია გამოკვეთილი: „ოლიმპიაკოსი“ და „ატალანტა“. ბერძნული პრესის ინფორმაციით, „თეთრ-წითლებმა“ „სენტ-ეტიენს“ წინადადებით მიმართეს და უარი მიიღეს, თუმცა აპირებენ, მეორე, გაუმჯობესებული შეთავაზება გააკეთონ.

რაც შეეხება „ატალანტას“, ავტორიტეტულმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ „ლა დეა“ „მწვანეებს“ დაუკავშირდა და დავითაშვილის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. ამ მომენტისთვის სულ ესაა და ბერგამოელებს სხვა ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოლიმპიაკოსი და ატალანტა | ბოლო ინფორმაცია ზურიკოზე
ოლიმპიაკოსი და ატალანტა | ბოლო ინფორმაცია ზურიკოზე