ოლიმპიაკოსი და ატალანტა | ბოლო ინფორმაცია ზურიკოზე
ზურიკო დავითაშვილის მომავალი ფრანგულ პრესაში კვლავინდებურად აქტუალურ საკითხად რჩება. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, მაგრამ „სენტ-ეტიენის“ მიერ მოთხოვნილი 20 მილიონი ევრო გადაულახავ დაბრკოლებად რჩება.
ზურიკოსთვის ბრძოლაში ორი კლუბია გამოკვეთილი: „ოლიმპიაკოსი“ და „ატალანტა“. ბერძნული პრესის ინფორმაციით, „თეთრ-წითლებმა“ „სენტ-ეტიენს“ წინადადებით მიმართეს და უარი მიიღეს, თუმცა აპირებენ, მეორე, გაუმჯობესებული შეთავაზება გააკეთონ.
„ოლიმპიაკოსი“ ბრაზილიელ ფეხბურთელს, ანდრე ლუისს ყიდის და მას „კანზას სიტიში“ უშვებს. ლუისის ტრანსფერის ღირებულება 16 მილიონ ევროს პლუს 3.5 მილიონის ოდენობის ბონუსებია და ბერძნები გეგმავენ, ზურიკოს გასაფორმებლად სწორედ ეს თანხა გამოიყენონ. ლუისის ტრანსფერი ჯერ არ დახურულა და დიდი შანსია, „სენტ-ეტიენმა“ ახალი შეთავაზება გარიგების დასრულების შემდეგ მიიღოს.
რაც შეეხება „ატალანტას“, ავტორიტეტულმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ „ლა დეა“ „მწვანეებს“ დაუკავშირდა და დავითაშვილის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. ამ მომენტისთვის სულ ესაა და ბერგამოელებს სხვა ნაბიჯი არ გადაუდგამთ.