მექვაბიშვილს ჭიქა ესროლეს | ფანი იპოვეს და დააჯარიმეს
რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „დინამო ბუქარესტს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი უშანსოდ დამარცხდა და სტუმრად გამართულ შეხვედრაში 1:5 განადგურდა.
ივნისში რუმინეთის დეპუტატთა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სტადიონებზე ლუდის გაყიდვა ნებადართული გახდა, თუმცა ლუდში ალკოჰოლის შემცველობა 5 პროცენტზე მაღალი არ უნდა იყოს და ის ქაღალდის ან პლასტმასის უთავსახურო ჭიქაში უნდა იქნას ჩამოსხმული.
„კრაიოვასთან“ მატჩი პირველი საშინაო შეხვედრა იყო, რომლის დროსაც „დინამო ბუქარესტის“ ქომაგებს სტადიონზე ლუდის მიღება შეეძლოთ და თამაშს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, მის ეპიცენტრში კი მექვაბიშვილი მოექცა. 23-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი კუთხურს აწვდიდა, როდესაც მისი მისამართით ლუდის ჭიქა ისროლეს.
ავტორიტეტული რუმინული გამოცემა GSP წერს: „კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც მექვაბიშვილი კუთხურის მოსაწოდებლად მიდის და პლასტმასის ჭიქა ხვდება, რომელიც შემდეგ რამდენიმე მეტრის მოშორებით ეცემა“.


აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ადგილობრივმა პოლიციამ დამნაშავე მალევე იპოვა. Fanatik-ის ინფორმაციით, მას დაახლოებით 100 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს და სტადიონებზე შესვლა ერთი წლით აუკრძალეს.