„რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მომწონს თამაშები“ - ლოჩოშვილი დებიუტის შემდეგ
რამდენიმე დღის წინ, ლუკა ლოჩოშვილს „კიოლნის“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. ქართველმა მცველმა „ბერგიშ გლადბახის“ წინააღმდეგ ითამაშა და გოლიც გატანაც შეძლო, რის შემდეგაც ანგარიში 4:0 გახადა. ის მატჩი „კიოლნმა“ 8:0 მოიგო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილი გერმანულ მედიას გაესაუბრა და დებიუტისგან გამოწვეული ემოციები გაუზიარა.
როგორია თქვენი პირველი დღეები ახალ კლუბში? გვიამბეთ თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ.
ძალიან კარგი, პოზიტიური განწყობა მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ყოფნით, რომ ამ მაისურით ვთამაშობ ამ დიდი, ისტორიული კლუბისთვის. ასე რომ, ჯერჯერობით მხოლოდ კარგი და პოზიტიური ემოციები მაქვს. გუნდი ძალიან კარგია, პერსონალი, მოთამაშეები. თავს ძალიან მყუდროდ ვგრძნობ, ერთმანეთს ვეხმარებით. ასე რომ, პირველი დღეები ნამდვილად შესანიშნავია.
რისი შეტანა შეგიძლიათ გუნდში? ეს მენტალიტეტია?
დიახ, შემიძლია გარკვეული მენტალიტეტის შეტანა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ასევე ფიზიკური ძალის, აგრესიულობის. ვფიქრობ, ეს ჩემი თამაშის მთავარი მახასიათებელია. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ გუნდისთვის რაიმე ახლის მოტანას და მის დახმარებას. ვნახოთ, რა გამოვა.
რა გითხრეს ტომას კესლერმა და დენი ვაგნერმა? რას მოელიან თქვენგან?
დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, მათ ჩემი დამატება ადრეც სურდათ. რამდენიმე საუბარი გვქონდა. საკმაოდ საინტერესო პროექტი იყო მათთან ერთად. მხოლოდ პოზიტიურზე ვისაუბრეთ. იმაზე, თუ როგორ ვჭირდებოდი, როგორ მოვწონდი. რა შემიძლია მივცე გუნდს, რას ელიან ჩემგან — ჩვეულებრივი სამუშაო საუბრები იყო. ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რადგან ვხედავ, რომ სწორი არჩევანია, სწორი სტრუქტურა და იდეაა. ჩემთვის ეს ძალიან კარგი ვარიანტი იყო.
ერთ-ერთი, რაც მათ თქვენგან სურთ, არის ის, რომ იყოთ გუნდის ლიდერი, ერთ-ერთი ლიდერი. რთულია ამ როლის მორგება პირველივე სეზონში?
დიახ, როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო. ვფიქრობ, თამაშის თვალსაზრისით შემიძლია ვიყო ასეთი. იმედი მაქვს, ამ ლიდერობას მოედანზე ჩემი თამაშითა და შესრულებით ვაჩვენებ. არ ვარ ისეთი აგრესიული ტიპი, რომელიც უაზროდ ყვირის. მაგრამ, მაქვს გარკვეული გამოცდილება, ჩამიტარებია საერთაშორისო მატჩები. ასე რომ, მოხარული ვიქნები დავეხმარო გუნდს და ახალგაზრდა მოთამაშეებს, ვისაც ეს სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისგანაც შემიძლია რაღაცების სწავლა. მხოლოდ მე არ ვლაპარაკობ. იმედი მაქვს, ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ და გუნდს დავეხმარები. ამას მოუთმენლად ველი.
იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ გოლების გატანას ამ მაისურით და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები. თუმცა, ოფიციალურ თამაშებში გოლის გატანა უფრო მიყვარს. სწორედ ეს ითვლება. ამას მოუთმენლად ველი. ვეცდები, ოფიციალურ მატჩებშიც იგივე გავაკეთო. ყოველდღე ბევრს ვვარჯიშობ იმისთვისაც, რომ გავიტანო. ვნახოთ.
ჟოელმა გუშინ თქვა, რომ ცენტრალური დაცვა ახლა გუნდის განუყოფელი ნაწილია. ეთანხმებით ამას?
არ ვიცი. ვფიქრობ, ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეები გვყავს. ახლა ამის თქმა არ შემიძლია, რადგან ჯერ დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, რომ უფრო მეტი დაკვირვება შევძლო. თანაც, ეს მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისია. მხოლოდ ერთი კვირაა, რაც დავიწყეთ. ვფიქრობ, მთავარი ისაა, რა იქნება თვისა და მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს. ასე რომ, ამ კუთხით უფრო მეტს დავინახავთ. ვფიქრობ, გუნდის ყველა რგოლი და ყველა პოზიცია კარგია. ყველა მოტივირებულია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდში კონკურენციაა, და როცა კონკურენციაა, ყველა 100%-ით იხარჯება.
თქვენ ბუნდესლიგაში, „კიოლნის“ შემადგენლობაში მოგიწევთ თამაში. ელით ისეთ ტოპ-თავდამსხმელებთან თამაშს, როგორიც ჰარი კეინია?
დიახ, მოუთმენლად ველი, რადგან ის ძალიან მომწონს. ეს ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა. მითამაშია რამდენიმე კარგ თავდამსხმელთან, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მომწონს. ეს შესანიშნავი გამოცდილებაა. როგორც აღვნიშნე, მაგარი გრძნობაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და ამას მოუთმენლად ველი.
„კიოლნი“ ბუნდესლიგის ახალ სეზონს 29 აგვისტოს, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩით დაიწყებს, მანამდე კი ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ ბერლინის „ჰერტას“ (31 ივლისი) და „რეალ სოსიედადს“ (8 აგვისტო) დაუპირისპირდება, 24 აგვისტოს კი გერმანიის თასზე „ვურზბურგერ ქიქერსს“ შეხვდება.