პოჩეტინო: 2017 წლის პრემიერლიგის თასი ტოტენჰემს უნდა გადაეცეს, ჩელსიმ დანაშაული აღიარა
მაურისიო პოჩეტინოს მიაჩნია, რომ „ჩელსის“ 2016/17 წლების სეზონის პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული უნდა ჩამოერთვას და ის „ტოტენჰემს“ გადაეცეს.
„დეზებმა“, რომლებსაც იმ დროს არგენტინელი წვრთნიდა, სეზონის ბოლოს მე-2 ადგილი დაიკავეს და ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მოთამაშე „არისტოკრატებს“ 7 ქულით ჩამორჩნენ (93 ქულა). 2022 წელს რომან აბრამოვიჩისგან კლუბის შეძენის შემდეგ, „ჩელსის“ ახალმა მფლობელებმა - ტოდ ბოელიმ და Clearlake Capital-მა, თავად შეატყობინეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას (FA) წესების 74 დარღვევის შესახებ, რომლებიც დაურეგისტრირებელი აგენტებისთვის ფარულ გადახდებს უკავშირდებოდა. „ჩელსიმ“ აღიარა აგენტებისა და შუამავლებისთვის 2011-დან 2018 წლამდე პერიოდში ტრანსფერების გაფორმებისას ფარული გადახდების განხორციელების ფაქტი, საერთო ჯამში 47 მილიონი ფუნტის ოდენობით.
„ჩვენ უნდა მოგვეგო პრემიერლიგა, ეს ტიტული ჩვენთვის უნდა მოენიჭებინათ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩვენ, უდავოდ, ვიმსახურებდით იმ წელს ჩემპიონის წოდებას. დასაჯეს ისინი, აღიარეს დანაშაული? სულ ესაა. ტიტული მეორე ადგილზე გასულ გუნდს უნდა რგებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მათ გოლები გაჰქონდათ და მატჩებს იგებდნენ. კარგი. მაგრამ სრულიად სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ სეზონის დაწყების წინ ჩვენ არათანაბარ პირობებში ვიმყოფებოდით. შესაძლოა, იგივე წესების დაცვის შემთხვევაში, ჩვენც შეგვძლებოდა ისეთი მოთამაშეების დამატება, რომლებიც გუნდს გააძლიერებდნენ ან მეტი გოლის გატანაში დაგვეხმარებოდნენ.
მე სულაც არ მეპარება ეჭვი და არ მეშინია სიმართლის თქმის. „ჩელსის“ გულშემატკივრებს შეიძლება ჩემზე გული დაწყდეთ. მაგრამ ჩვენ რომ „ტოტენჰემში“ წესები დაგვერღვია, მე იგივეს ვაღიარებდი: „ჩვენ არ ვიმსახურებთ ტიტულს, რადგან წესები დავარღვიეთ“.
შეუძლებელია თამაში, როცა ზოგი კლუბი თამაშგარის წესს იცავს, ზოგი კი არა. ან როცა ერთი გუნდი VAR-ის სისტემით თამაშობს, მეორე კი მის გარეშე. წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. და მაშინ გეძლევათ უკეთესი გუნდის შექმნის შესაძლებლობა.
მე არ ვამბობ, რომ „ჩელსი“ ცუდად თამაშობდა ან კონტე ბრწყინვალე არ იყო. ამას არ ვამტკიცებ. არ მინდა ჩემი სიტყვები დაამახინჯონ. მაგრამ თუ თქვენ წესები დაარღვიეთ - მორჩა, ნახვამდის: ტიტული სხვა გუნდს უნდა გადაეცეს. არ ვიცი, რატომ არ მოხდა ეს. გამოდის, რომ წესების დარღვევა წახალისებული და სტიმულირებულია. თუ არ დაისჯებიან ისე, როგორც საჭიროა, მაშინ შემიძლია ვთქვა: „კარგი... მე სამსახური დავკარგე, რადგან ტიტული ვერ მოვიგეთ“,
- განაცხადა პოჩეტინომ.
ცნობისთვის, მაურისიო „ტოტენჰემს“ 2014 წლის მაისიდან 2019 წლის ნოემბრამდე ედგა სათავეში, ხოლო 2023/24 წლების სეზონში „ჩელსის“ წვრთნიდა. ახლა 54 წლის სპეციალისტი აშშ-ის ნაკრებში მუშაობს.