სეზონის საუკეთესო ცენტრალური მცველი | ლოჩოშვილის დიდი აღიარება
Kicker-ის ვერსიით, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრალური მცველების რეიტინგში ლუკა ლოჩოშვილი პირველ ადგილზე გავიდა.
გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული ჟურნალიდან, რომელიც ლუკას და მისი კონკურენტების განხილვას ეხება.
„ცენტრალური მცველის პოზიციაზე კონკურენცია იმდენად მაღალი იყო, რომ თითოეულ ნომინაციას, ისევე როგორც თითოეული ადგილის განაწილებას, წინ უძღოდა დეტალური და ხანგრძლივი განხილვები. ლუკა ლოჩოშვილის პირველ ადგილზე გასვლა არ ყოფილა ისეთი ცალსახა და მარტივი საქმე, როგორც ამას შემდეგი ფაქტები გვკარნახობს: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს 17 მატჩში საუკეთესო საშუალო შეფასება აქვს - 2.94. 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა, ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება დააგროვა.
ამ საუკეთესო მაჩვენებლების მიუხედავად, თომას კელერი, ისევე როგორც უმაღლესი კატეგორიის ყველა სხვა მოთამაშე, თამაშის ხარისხით მასთან ძალიან ახლოს იყო. ავიღოთ თუნდაც ზემოხსენებული კელერი: 3.0-ით მისი საშუალო შეფასება ლოჩოშვილისას მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდებოდა და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კელერმა 3 მნიშვნელოვანი გოლით სერიოზული არგუმენტები წარმოადგინა''.
ჟურნალ Kicker-ის შეფასების სისტემა გერმანული სკოლის ნიშნების პრინციპს ეფუძნება. ამ სისტემაში 1 უმაღლესი შეფასება, 6 — ყველაზე დაბალი. შესაბამისად, რაც უფრო დაბალია ციფრი, მით უფრო მაღალია შეფასება. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ლუკა ლოჩოშვილი რეიტინგში პირველ ადგილზე თავისი 2.94 ქულით, რადგან მისი საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი ხარისხის მატარებელია (ციფრობრივად კი უფრო დაბალი), ვიდრე თომას კელერის 3.0.
2025-26 წლების სეზონში ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის'' რიგებში ბუნდესლიგა 2-ში 34 ტურიდან მხოლოდ 1 გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა.33-ვე მატჩში სასტარტოში იყო, 32-ში 90 წუთი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ, მე-7 ტურში ჰერტასთან შეცვალეს, 70-ე წუთზე. მის აქტივში 7 საგოლე მოქმედებაა, 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა, რაც ბრწყინვალე შედეგია. Transfermarkt-ისგან განსხვავებით Kicker-მა 1 საგოლე პასი ჩაუთვალა.
სეზონის დასრულების შემდეგ ბუნდესლიგის „კიოლნმა'' ქართველი ფეხბურთელი ხუთ მილიონ ევროდ შეიძინა.
ლუკამ გუშინ სადებიუტო მატჩში თავით შესანიშნავი გოლი გაიტანა. „კიოლნმა'' ამხანაგური მატჩი გერმანიის მეოთხე ლიგის „ბერგიშ გლადბახს'' 8:0 მოუგო, ლოჩოშვილის გოლით ანგარიში 4:0 გახდა.