კონფერენს ლიგა: კვარაცხელიას კარგი მატჩი - დინამომ ჟალგირისი დაამარცხა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ ლიეტუვურ „ჟალგირისს“ უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა და სანახაობრივად ითამაშა, ასევე დაცვაში უშეცდომოდაც.
აღსანიშნავი იყო 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას სასტარტოში დაყენება, რომელმაც ნდობა გაამართლა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარცხენა ფლანგიდან თამაშს ხშირად ამწვავებდა და რაც მთავარია გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა. რამდენიმე ლამაზი და დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შემოგვთავაზა.
თორნიკე კვარაცხელიას ყველა მომენტი VS ჟალგირის
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „დინამომ“ საქმე პირველივე ტაიმში დაასრულა. კურდიჩმა, ლეო სანტოსმა და უგრეხელიძემ გუნდის უპირატესობა ციფრებში ასახეს. მეტოქის დაცვის ხაზი თბილისელთა ზეწოლას ვერ უძლებდა.
კვარაცხელიასთან ერთად გამორჩეული მატჩი ჰქონდათ ნიკა ნინუასა და მაქსიმ დე კოუტო ტეიშეირას, რომლებმაც მოედნის ცენტრში „დინამოს“ დომინირება შესაძლებელი გახადეს, რამაც ქეცბაიას გუნდის შეტევები ხშირი და ძალიან მწვავე გახადა.
განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში ლიეტუვაში გაიმართება. „დინამო“ კომფორტული უპირატესობით მიემგზავრება.