ანდრეა პირლო, პაოლო მალდინი
Aa
Aa

პირლომ განცხადება გაავრცელა, მალდინი გადადგომას აპირებს? | იტალიაში სკანდალი გრძელდება

იტალიის საფეხბურთო ნაკრების პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ახალი სკანდალი ანდრეა პირლოს უკავშირდება, რომელიც „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი უნდა გამხდარიყო. იტალიური პრესის მიხედვით, პირლო ნაკრების ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯში იყო, კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა და მისი დანიშვნის ოფიციალურად გამოცხადებაც დაგეგმილი გახლდათ, თუმცა ვითარება ბოლო მომენტში შეიცვალა.

პირლო რუსული გემბლინგ-კომპანიის გლობალური ელჩი გახლავთ და მოსკოვში ზუსტად იმ დღეს იყო ჩასული, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მძიმე იერიშები განახორციელა. ამის გამო რამდენიმე იტალიელმა პოლიტიკოსმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ჯოვანი მალაგოს მიმართა და მოითხოვა, პირლოს ნაკრები არ ჩაებარებინა. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ანდრეა „სკუადრა აძურას“ დამრიგებელი ვერ გახდება.

მომხდართან დაკავშირებით პირლომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „ბოლო დღეებში დიდი გულისტკივილით ვადევნებდი თვალს დებატებს, რომლებიც ჩემი სახელისა და იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შესაძლებლობის ირგვლივ დაიწყო.

ინსტიტუტების, ფედერაციისა და ყველა ჩართული პირის პატივისცემის გამო, აქამდე დუმილის შენარჩუნება ვამჯობინე. თუმცა, მიმაჩნია, რომ რამდენიმე საკითხის გარკვევა აუცილებელია. ჩემი კარიერის განმავლობაში, ჯერ როგორც მოთამაშე, ხოლო ახლა როგორც მწვრთნელი, ჩემს საქმიანობას ყოველთვის იმ ქვეყნების კანონების სრული დაცვით ვახორციელებდი, სადაც ვმუშაობდი, და იმ კონტრაქტების შესაბამისად, რომლებსაც ხელს ვაწერდი.

ის პროფესიული თანამშრომლობა, რომელიც ბოლო დროინდელი დაპირისპირების საგანი გახდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩემი სამუშაო გამოცდილების კონტექსტში წარმოიშვა და ატარებს ექსკლუზიურად კომერციულ და სპორტულ ხასიათს. ამ თანამშრომლობისთვის პოლიტიკური შინაარსის მინიჭება ნიშნავს ჩემთვის ისეთი შეხედულებების მიწერას, რომლებიც არასდროს გამომითქვამს და რომლებიც ჩემთვის უცხოა.

მინდა მადლობა გადავუხადო მალდინისა და ლეონარდოს იმ პატივისცემისა და ნდობისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. მე ვიცი მათი კომპეტენციის, სერიოზულობისა და იმ სიყვარულის შესახებ, რომელსაც ისინი ყოველთვის უძღვნიდნენ იტალიურ ფეხბურთს. ვწუხვარ, რომ წმინდა სპორტული არჩევანი ასე სწრაფად ჩაითრიეს საჯარო დაპირისპირებაში, რამაც საბოლოოდ მომაწერა ისეთი აზრები და განზრახვები, რომლებიც ჩემთვის მიუღებელია“.

არ გეგონოთ, რომ ყველაფერი ამით სრულდება... La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიის ნაკრების ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი, რომელიც პოსტზე ახლახან დაინიშნა, განრისხებულია. მალდინი თვლის, რომ სამუშაოს შესრულების საშუალება არ ეძლევა და გადადგომას სერიოზულად განიხილავს. პირლო მისი რჩეული იყო და მალდინის მიაჩნია, რომ დაბლოკეს და ზღუდავენ. Football Italia-ს მიხედვით, თუ პაოლო წავიდა, მის ნაცვლად ჯორჯო კიელინი დაინიშნება, „სკუადრა აძურას“ კი ანტონიო კონტე ან რობერტო მანჩინი ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილია, როდის დაიწყებს პსჟ ახალი სეზონისთვის მზადებას
ცნობილია, როდის დაიწყებს პსჟ ახალი სეზონისთვის მზადებას