საქართველოს თასი | ფავორიტებიდან დინამო დამარცხდა, დანარჩენებმა რთულად მოიგეს
დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის 7 შეხვედრა გაიმართა.
სათამაშო დღის პირველი მატჩი ლანჩხუთში ჩატარდა, სადაც ადგილობრივი „გურია“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და სენსაციურად, 1:0 დაამარცხა. შედეგად, თემურ ქეცბაიას გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე, ლუკა ჩაგანავამ გაიტანა.
დღის მეორე მატჩში, მეგრულ დერბიში მარტვილის მერანმა ოდიში 1913-ს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში მე-5 წუთზე ლევან კუტალიამ გახსნა, 62-ე წუთზე კი სერგეი ლებედევმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 73-ე წუთზე რენატ გაგიტმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ყველაზე დაძაბული „ვიტ ჯორჯიასა“ და „სამგურალის“ მატჩი გამოდგა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში 27-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიამ“ დავით აბაკელიას გოლით გახსნა, 61-ე წუთზე კი კლაუდიო სებოლინიამ წონასწორობა აღადგინა. პირველ დამატებით ტაიმში, 107-ე წუთზე დიმა დეკანოიძემ მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რასაც 114-ე წუთზე ლევან გეგეჭკორის მიერ ზუსტადშესრულებული პენალტი და გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი „სამგურალი“ აღმოჩნდა. წყალტუბოელებმა სერია 7:6 მოიგეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.
დღის მომდევნო შეხვედრაში „თელავმა“ „იბერია 1999“-ის მეორე გოლი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა გაიტანა.
დაძაბული გამოდგა „სამტრედიისა“ და სართიჭალის „შტურმის“ დაპირისპირებაც. სართიჭალელები მე-7 წუთზე, ლევან პაპავას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა „სამტრედიამ“ თამაშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ, 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში 45-ე წუთზე იულენ კორდერომ გაათანაბრა, 74-ე წუთზე კი გიორგი ლაცაბიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
თავისი მატჩი მოიგო ქუთაისის „ტორპედომ“. დირკ შუსტერის გუნდი სტუმრად ხაშურის „ივერიას“ დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა. ქუთაისელები მე-20 წუთზე ფელიპე პირესმა დააწინაურა, 35-ე წუთზე კი კობა ქებურიამ ანგარიში გაათანაბრა. „ტორპედომ“ მატჩის ბედი თამაშის მიწურულს გადაწყვიტა. 88-ე წუთზე დინო სკორუპმა ქუთაისური გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე დიეგო დეისაძემ დააფიქსირა.
სათამაშო დღის ბოლო მატჩი მარნეულში ჩატარდა, სადაც თბილისი 2025-მა „რუსთავს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ავთანდილ გუჯაბიძემ გაიტანა.
1/16 ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა 27 ივლისს ჩატარდება, რომელშიც „სამცხე“ საკუთარ მოედანზე „გაგრას“ დაუპირისპირდება. მერვედფინალური ეტაპები კი 1-2 აგვისტოს არის დაგეგმილი.