რობერტო მანჩინი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - იტალიის ნაკრებს მანჩინი გაწვრთნის

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დიდი ალბათობით, რობერტო მანჩინი დაბრუნდება. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს ცნობით, მანჩინის კანდიდატურას მხარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ დაუჭირა. წყაროს ინფორმაციით, ფედერაციის ხელმძღვანელმა უარი თქვა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნაზე, რადგან ყოფილი ნახევარმცველი რუსულ ბეთინგ კომპანიასთან თანამშრომლობს.

ამავე ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა. ხელმძღვანელის თანამდებობები დატოვეს პაოლო მალდინიმ და ლეონარდომ, რომლებიც ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ანდრეა პირლოს კანდიდატურას უჭერდნენ მხარს.

რობერტო მანჩინისთვის ეს იტალიის ნაკრებში დაბრუნება იქნება. 61 წლის სპეციალისტი „სკუადრა აძურას“ 2018-2023 წლებში ხელმძღვანელობდა და გუნდი ევრო 2020-ის ჩემპიონობამდე მიიყვანა. მიუხედავად ამ ისტორიული წარმატებისა, მისმა გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღო.

თუ გარიგება ოფიციალურად დადასტურდება, მანჩინის მთავარი ამოცანა იტალიის ნაკრების საერთაშორისო არენაზე დაბრუნება და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე კვლავ ფავორიტთა შორის დამკვიდრება იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები