„ეს არც მისთვის და არც ჩვენთვის არის მარტივი“ - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა
ხვალ, ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში შოტლანდიურ „ჰარტსს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო ინგოლიჩმა გუნდის ქართველი ლიდერის, ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 30 წლის ნახევარმცველს წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია, რის გამოც „ჰარტსთან“ პირველ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა. იქნება თუ არა კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში - დღევანდელ პრესკონფერენციაზე ინგოლიჩს სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს.
რას ამბობს ინგოლიჩი:
„კიტეს ყოველთვის უდიდესი გავლენა აქვს. ის ჩვენი კლუბის და, ბოლო წლების განმავლობაში, მთლიანად ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. მას სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი არ გაუვლია, ამიტომ არც მისთვის და არც ჩვენთვისაა მარტივი, რომ საჭირო მომენტში სწორი დატვირთვა მივცეთ. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა. ის ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ“.
„დღევანდელი დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ უნდა ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს ფიზიკურად, რის შემდეგაც ერთობლივად მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას - შეძლებს ის ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებას თუ კვლავ შეცვლაზე შემოვა“.
შეგახსენებთ, რომ „შტურმმა“ პირველი შეხვედრა გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 მოიგო, საპასუხო დაპირისპირება კი გლაზგოში, საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.