„ფარისევლები არიან“ | ჟურნალისტმა პსჟ გააკრიტიკა და კვარას ტრანსფერი ახსენა
ესპანელმა ჟურნალისტმა, ტომას გუაშმა „პარი სენ-ჟერმენი“ გააკრიტიკა. მიზეზი იან დიომანდეს სატრანსფერო საგაა, რომელშიც პარიზული გრანდი და „რეალი“ იყვნენ ჩართულნი. პსჟ კოტ-დივუარელის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა ბოლო მომენტში ვითარება შეიცვალა და „სამეფო კლუბი“ ფავორიტად იქცა.
ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ დიომანდე კარიერას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელებს და ყველაფერი გადაწყვეტილია. როდესაც რომანომ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლის კომენტარი გავრცელდა. პარიზულ კლუბს Sky Sport Deutschland-ი დაუკავშირდა და განცხადება ასეთია:
„პსჟ-მ იან დიომანდეს ტრანსფერთან დაკავშირებული შეთავაზებები უკან გაიწვია. მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა და ხელფასი სრულიად არაპროპორციული და ბაზართან შეუსაბამო იყო. პსჟ რაციონალური ფინანსური მართვისა და გუნდური ბალანსის პრინციპებს არ დაარღვევს.
როგორც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული და ბოლო წლების ყველაზე წარმატებული კლუბი, „პარი სენ-ჟერმენი“ ზოგიერთი აგენტის ინფლაციურ და მანიპულაციურ თამაშებში არ ჩაერთვება. ამის ნაცვლად, კლუბი მშვიდად და თავდაჯერებულად გააგრძელებს თავისი სატრანსფერო გეგმების განხორციელებას“.
გუაში სწორედ ამას გამოეხმაურა და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები ფარისევლებად მოიხსენია: „დიომანდესთან მიმართებით, პარიზელები ფარისევლები არიან. მათ ნეიმარის სანაცვლოდ 220 მილიონი ევრო გადაიხადეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კი საერთოდ ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონად იყიდეს“.
აღსანიშნავია, რომ „რეალის“ ქმედებები „ბარსელონამაც“ დაგმო და გუაში კატალონიელებსაც გადაწვდა: „ბარსელონა არის კლუბი, რომელმაც ენტონი გორდონში, საკომისიოების ჩათვლით, 100 მილიონი ევრო გადაიხადა. ასეთი სიგიჟეებიც ხდება“.